მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ადგილობრივი ექსპორტი 6.1%-ით გაიზარდა

ვაჭრობა

იანვარ-აპრილში საქართველოს $6.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს 12.7%-იანი წილით, სავაჭრო პარტნიორებს შორის, ასევე მეზობელი თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა მცირედით -1.4%-ით, თუმცა მაინც შემცირდა და 836 მილიონ 818 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე 27.5%-იანი წილი უკავია და წელს რუსეთში საქონლის რეალიზებით ქვეყანამ ჯამში 230 მილიონ 420 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1.9%-ით მეტია. შესაბამისად ექსპორტი სავაჭრო ურთიერთობებში ისტორიულ მაქსიმუმზეა.

უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა 13.1%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. მას 16.5%-ით ყირგიზეთმა გადაასწრო, რაც ძირითადად ამ მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლით არის განპირობებული.

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთში ძირითადი გაყიდვების - 82.2% ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში ექსპორტის ზრდის დადებითი დინამიკაც, შეგვიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი საქონლის რეალიზების 6.1%-იანი ზრდით არის განპირობებული (189.4 მლნ დოლარი).

რაც შეეხება რეექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, რუსეთში საქართველოს გავლით საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 14%-ით 41 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რუსეთში ჯამური ექსპორტის კუთხით მთავარი სარეალიზაციო საქონელი ღვინო იყო, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი წლიურად თითქმის გაორმაგდა. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $99.5 მლნ, 37 045 ტონა;
  2. სპირტიანი სასმელები - $40.8 მლნ, 10 812 ტონა;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $25.8 მლნ, 47 752 ტონა;
  4. მინერალურისა და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით - $19.6 მლნ, 23 180 ტონა;
  5. ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი - $7.2 მლნ, 11 075 ტონა;
  6. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $5.8მლნ, 877 ტონა;
  7. ფეროშენადნობები - $3.7 მლნ, 1 932 ტონა;
  8. ელექტრული წყალგამახურებლები - $3 მლნ, 347 ტონა;
  9. ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - $2.6 მლნ, 183 ტონა;
  10. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, სანელებლები - $2.1 მლნ, 493 ტონა.

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია. უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგშიც რუსეთი მეორე ადგილს 12.6%-ით იკავებს. იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 2.7%-ით ნაკლების ღირებულების საქონელი შეიძინა და იმპორტის ღირებულებამ ჯამში 606.4 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმას - რა საქონელი შევიძინეთ რუსეთიდან ამ პერიოდში, უმსხვილესი საქონელი ნავთობპროდუქტებია, თუმცა რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის პირობებში, ამ საქონლის იმპორტი შემცირებულია. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $183.7 მლნ, 239 590 ტონა;
  2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $94.3 მლნ, 354 782 ტონა;
  3. ხორბალი და მესლინი - $19 მლნ, 78 570 ტონა;
  4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $18.3 მლნ, 30 127 ტონა;
  5. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $16.4 მლნ, 43 023 ტონა;
  6. მზესუმზირის ზეთი - $11.1 მლნ, 11 898 ტონა;
  7. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - $9.5 მლნ, 18 098 ტონა;
  8. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $9.1 მლნ, 3 052 ტონა;
  9. ღორები ცოცხალი - 9 მლნ, 6 137 ტონა;
  10. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და პურფუნთუშეული - $8.2 მლნ, 4 365 ტონა.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით 6 მილიარდ 563 მილიონ დოლარამდე შემცირდა. აქედან ექსპორტი 10.1%-ით 1 მილიარდ 763 მილიონ დოლარამდე შემცირდა, იმპორტი კი მცირედ - 0.3%-ით 4 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აპრილში, 3 მილიარდ 037 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები