რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, რაც, უწყების შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცენტრალური ბანკის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში კაპიტალის გაძვირებას, ინვესტიციების შემცირებას, ბიზნესის შეზღუდვას, სამუშაო ადგილების შემცირებას და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური აქტივობის გაუარესებას იწვევს.
ზემოხსენებულ მიზეზებთან ერთად, მოსკოვში კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - ეს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ტექნიკური ცოდნა და განათლებაა საჭირო. თავად ამ მოცემულობას კი ის განაპირობებს, რომ ბევრმა რუსმა ახალგაზრდამ ქვეყანა დატოვა, რათა ჯარში გაწვევისათვის თავი აერიდებინა, ამან კი სამუშაო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია.
მორიგ პრობლემად ცენტრალურ ბანკში უცხოური ინვესტიციების შემცირებას ასახელებენ. გასაგები მიზეზების გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთში FDI-ის დაბანდება ფაქტობრივად შეწყვიტეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს და მაღალი განაკვეთის შენარჩუნება მომავალ წლამდე აუცილებელი იქნება, რათა ინფლაციის დონე შემცირდეს და ბაზარი სტაბილურობის წერტილს დაუბრუნდეს.
კრემლის გეგმით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის და IMF-ის პროგნოზებთან.