"რუსეთის ფოსტა" საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით რეგულარულ ტრანსპორტირებას იწყებს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
Tass-ის თანახმად, თბილისში მოსკოვიდან საჰაერო მიწოდებას ავიაკომპანია Azimuth- შეასრულებს. კომპანია ელის, რომ ორ ქვეყანას შორის ამანათების გაგზავნისთვის საჭირო დრო 2-3 დღით შემცირდება, ხოლო ტვირთის ყოველთვიური მოცულობა 6 ტონას მიაღწევს.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ ივნისის დასაწყისში, "რუსეთის ფოსტამ" Azimuth-ის თვითმფრინავით ამანათების გადაზიდვა სომხეთშიც დაიწყო.
"რუსეთის ფოსტამ" ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ საფოსტო გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, რუსეთიდან საქართველოში გზავნილები ამჟამად მესამე ქვეყნებით გადის.