უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 4 მარტს, ღამის საათებში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად მომხდარ აფეთქებებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მორიგი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის გარდა, არცერთ სახელმწიფოს ატომური ელექტროსადგურებისთვის ცეცხლი არ გაუხსნია.
„რუსეთის გარდა არც ერთ სახელმწიფოს ენერგობლოკებისთვის არ უსვრია, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს პირველად მოხდა, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ ბირთვულ ტერორს მიმართა. რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს ბირთვული ნაცრის მოყრით დაემუქრნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ევროპას ამ ფაქტის გამო გამოღვიძებისკენ მოუწოდა.
„რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ეს ტანკები თერმული გამოსახულების მოწყობილობით არიან აღჭურვილნი, ანუ მათ იციან რას ესვრიან და ისინი ამისთვის მზად იყვნენ. მივმართავ ყველა უკრაინელს, ევროპელებს, იმ ადამიანებს, ვიცნ იცის რა არის სიტყვა „ჩერნობილი“, ვინც იცის რა მსხვერპლი და უბედურება მოიტანა ატომურ სადგურზე მომხდარმა აფეთქებამ. ეს გლობალური კატასტროფა იყო. ჩერნობილის კატასტროფას ასი ათასობით ადამიანი ებრძოდა და ათი ათასობით ადამიანი ევაკუირებული იყო. რუსეთს ამის გამეორება უნდა, ოღონდ 6-ჯერ უფრო მძლავრად.
ევროპელებო, გამოფხიზლდით, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს: რუსეთის ჯარები უკრაინაში ატომურ სადგურს ესვრიან - ქალაქ ენერგოდარის ზაპოროჟიას ატომურ სადგურს. იქ 6 ენერგობლოკია. ექვსი! ჩერნობილში კი მხოლოდ ერთი აფეთქდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მათ გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უკვე დაუკავშირდა.
„ვესაუბრე შარლ მიშელს (ევროსაბჭოს პრეზიდენტი), შოლცს (გერმანიის კანცლერს), დუდას ( პოლონეთის პრეზიდენტს), აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს, დავუკავშირშით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, ასევე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ჯონსონს“, - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.