ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას განცხადებით, საქართველოს აფხაზეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის, მისი "დამოუკიდებლობის" აღიარება მოუწევს. „ადრე თუ გვიან მეზობლებს რეალობის მიღება მოუწევთ“, - ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირება მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის აღიარების კონტექსტში და ასევე ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტურ დოკუმენტებზე ხელმოწერით შეიძლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ საქართველო ასეთი ნაბიჯებისთვის მზად არის. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა მან.
თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ისიც თქვა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის რაიმე საფრთხე არ არსებობს, რაც იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აქვს აღიარებული.
„სუვერენიტეტთან დაკავშირებით არანაირი შიშები არ არის და არც შეიძლება იყოს. აფხაზებმა თავისი მომავალი განაპირობეს. მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებაშია. რუსეთის ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, რომელმაც მხარი დაუჭირა და აღიარა დამოუკიდებლობა. ამის დასტურია 5 მარტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა“, - განაცხადა მან.
ბადრა გუნბა აცხადებს, რომ შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის, ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო მხარდაჭერის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების განვითარება რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა.
რუსული მედიისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 2020 წლიდან 4,8-დან ($54 მლნ) 12 მილიარდ რუბლამდე ($134,8 მლნ) გაიზარდა.
„ჩვენ ბიუჯეტის გაზრდას ვგეგმავთ, მაგრამ გასაგებია, რომ ეს შესაბამისი პირობების შექმნით არის შესაძლებელი. პირველ რიგში, სტრუქტურულად უნდა შევხედოთ, რის და ვის ხარჯზე ყალიბდება ბიუჯეტის შემოსავლები. ჩვენს ბიუჯეტს, ძირითადად, მეწარმეები აყალიბებენ - იურიდიული პირები, საშუალო ბიზნესი, მცირე ბიზნესი. ჩვენ ვაპირებთ ამ სფეროების მხარდაჭერას ყურადღება მივაქციოთ“, - განაცხადა გუნბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმდა, მათ შორის რუსულ მხარესთან, რომ 2025 წელს აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად დაახლოებით 100 მილიონი რუბლი (1,1 მლნ დოლარი) გამოიყოფა.
„ჩვენს ბიუჯეტში 100 მლნ რუბლი გამოვნახეთ. ვფიქრობ, ამ სახის მხარდაჭერა შესაძლებლობას გააჩენს, მათ შორის ეს სახსრები აფხაზეთის ბიუჯეტში დამატებითი გადასახადების სახით დაბრუნდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალური ამოცანების გადაწყვეტაში დაგვეხმარება. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერა და ეკონომიკის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გავზარდოთ“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის 31 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი მიიღო, სადაც შემოსავლების ნაწილი 1.8 მლრდ რუბლით ($20,2 მლნ) არის გაზრდილი.
ბადრა გუნბა Tass-თან საუბრისას ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს საკუთარი ძალებით, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეკონომიკური განვითარებისთვის ათწლეულები დასჭირდებოდა.
„შეგვიძლია სხვა გზით წავიდეთ. უბრალოდ უარი ვთქვათ ყველა შესაძლებლობაზე და შევეცადოთ სახელმწიფოს შესანარჩუნებლად საკუთარი ეკონომიკური პირობები შევქმნათ. მაგრამ ამას ათწლეულები დასჭირდება. გვაქვს თუ არა ასეთი შესაძლებლობა, გვაქვს ამდენი დრო, რომ დამოუკიდებლად განვვითარდეთ და არ ვისარგებლოთ იმ მხარდაჭერით, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია გვაძლევს? ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება აფხაზური სახელმწიფოს ინტერესებში შედის“, - განაცხადა მან.
ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი დარგი ტურიზმია. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ნოემბრის შემდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას მოჰყვა, საახალწლო პერიოდში ტურისტული მიმზიდველობა შეამცირა და კურორტების მიმართულებით ეკონომიკური დანაკარგები განაპირობა.
ცნობისთვის, ბადრა გუნბა 5 მარტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.