რუსეთის ფედერაციის მედია და ინტერნეტ სივრცის მარეგულირებელმა უწყებამ TikTok-ისა და Twitch-ის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
"როსკომნადზორის" განცხადებით, Twitch-ის საშუალების უკრაინელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის მხარდამჭერი ვიდეომასალები და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რის გამოც ამერიკული Amazon-ის შვილობილი პლატფორმა 4 მილიონი რუბლით ($68,000) დაჯარიმდა.
რაც შეეხება TikTok-ს, მარეგულირებლის მტკიცებით, პოპულარულ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გარდა, „LGBT პროპაგანდა“ ვრცელდებოდა, რის გამოც ჩინური ByteDance-ის შვილობილი კომპანია "როსკომნადზორმა" 3 მილიონი რუბლით ($51,000) დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მედია და ინტერნეტ ცენზურა მნიშვნელოვნად გაამკაცრა, კომპანია Meta-ს მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Instagram-ს ქვეყნის მასშტაბით ოპერირება შეეზღუდათ; Google-ისა და YouTube-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანიები კი, "როსკომნადზორის" მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, არაერთი ჯარიმის სამიზნე გახდნენ.