მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ ავიაემბრგოს მოხსნა, გარკვეული დოზით, დასავლეთისთვის პიარული დარტყმაა - ინტერვიუ

646f762ccc911
თელარა გელანტია
25.05.23 22:00
894
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-ს უფროსი პარტნიორის გიორგი ქობულიას შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიაემბარგოს მოხსნა და უვიზო რეჟიმის შემოღება „უდროო“ და „გარკვეული დოზით, დასავლეთისთვის პიარული დარტყმა“ იყო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გიორგი ქობულია ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

- ბატონო გიორგი, როგორ გამოიყურება დღეს საქართველო გარედან - საით მივდივართ და როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ავიაემბარგოს გაუქმებით და უვიზო რეჟიმის შემოღებით რას გაუსვა ხაზი კრემლმა?

- ეს გადაწყვეტილება ცოტა უდროო იყო. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია ჩვენს პარტნიორებში, რაც არაა გასაკვირი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის გარკვეული დოზით პიარული დარტყმა დასავლეთის ბლოკისთვის. რატომ პიარული?! - მგონი, საკამათო არ არის, რომ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავება რუსეთისთვის ზღვაში წვეთია. მასთან ჩვენი ურთიერთობა რუსეთის ეკონომიკას დიდად არ ეხმარება, მაგრამ პიარულად ეს ნეგატიურად იქნება აღქმული დასავლეთის ბლოკისგან. ეს არის, ალბათ, რუსეთის მცდელობა, გზავნილით მსოფლიოსთვის, რომ „ნახეთ, ჩვენ საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობა გვაქვს“.

რაც შეეხება საკითხის ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას დღეს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი, როგორც ინდუსტრია. ჩვენ, პრაქტიკულად, დამოკიდებულები ვართ ტურიზმის სექტორზე. არც ის არის დასამალი, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ტურიზმში. ამდენად, ფრენების აღდგენას მოჰყვება მეტი ტურისტის შემოსვლა რუსეთიდან, თან უფრო მაღალმხარჯველუნარიანი კატეგორიის ანუ მათი, ვისაც ხმელეთით შემოსვლა არ უნდოდა. ამიტომ, ეს ნაბიჯი საქართველოს კიდევ უფრო დაეხმარება ეკონომიკის განვითარებაში...

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძალიან დამოკიდებულები ვართ ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკაზე და ჩვენს ურთიერთობაზე მათთან; ეს განპირობებულია იმით, რომ დიდი ხანი ვიყავით მათთან დაკავშირებული, ამიტომ რუსეთისთვის საქართველო ძალიან ცნობილია და თან გეოგრაფიულად ახლოს ვართ, ამიტომაც ამ ქვეყნიდან უფრო მეტ ტურისტს ვიზიდავთ, ვიდრე - სხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის შემოტრიალებას ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ სწრაფად ვერ მოხდება.

- და მაინც, როდესაც წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება, რა მოტივით შეიძლებოდა, რომ რუსეთს ავიაემბარგო გაეუქმებინა? შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტულად მგზავრობაზე იზრუნა..

- არ იქნება გასაკვირი, ვთქვათ, რომ კრემლს არაფერში აწყობს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მომენტი ის არის, რომ კრემლს დღეს სჭირდება დაანახოს მსოფლიოს, რომ მას გარკვეულ ქვეყნებთან მაინც აქვს კარგი ურთიერთიები...

- თუ რუსეთს სურს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას?

- მას, რა თქმა უნდა, ეს <საქართველოს ევროინტეგრაცია> არ აწყობს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, რუსეთს სურს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის ამყარებს უკეთეს ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაზღვრულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, რომელიც დასავლეთის ბლოკის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თორემ რუსეთს ისედაც აქვს ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ აზერბაიჯანს არ აქვს პრეტენზია, რომ ევროკაშირის წევრობა უნდოდეს... ამდენად, ძირითადი მოტივაცია, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ეს არის - ამით რუსეთი ამბობს, რომ „კი ბატონო, მიიღოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ჩვენთანაც ექნება კარგი ურთიერთობა“. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გზავნილი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენც ნაწილობრივ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. სხვანაირად ჩვენი ეკონომიკა წინ ვერ წავა და ვერ განვითარდება.

- რატომ ვერ წავა? რატომ არ შეუძლია საქართველოს რუსეთის გარეშე განვითარება? თან, დღეს, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, ჩვენ პირიქით გამოგვდის...

- რა თქმა უნდა, სწორი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და მაქსიმალურად ვეცადოთ, არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე და ვიმოძრაოთ დასავლეთის ბლოკისკენ და სხვა ქვეყნებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს რისკებს ამცირებს. ძირითადად, რაც მე ვიგულისხმე არის ის, რომ მოკლე ვადაში, პრაქტიკულად, არ გვაქვს ალტერნატივა, რომ ჩვენი ეკონომიკა გავზარდოთ და ვამუშაოთ. საქმე იმაში არის, რომ ათეულობით წელი საქართველოს ბრენდის პოპულარიზაცია ხდებოდა რუსეთში...

- გასაგებია, მაგრამ თუ არ დავიწყეთ დივერსიფიკაცია, რუსეთს ვერასდროს დავაღწევთ თავს...

- დივერსიფიკაცია ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ და დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ დღეს რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების კომპენსაცია გავაკეთოთ. ჩვენ უცებ რომ ვთქვათ უარი, ეს მიაყენებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს მოსახლეობას... საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მდგრადად ვითარდება საქართველოს ეკონომიკა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს ვრჩებით მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად; მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საოცრად უჭირს. ამ მდგომარეობაში, ჩვენ რომ უარი ვთქვათ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ჩვენი მოსახლეობის სიდუხჭირის დონე ძალიან მოიმატებს, ამიტომ ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ასეთი - გავაგრძელოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, რასაც დღეს ვაკეთებთ და პარალელურად, ის ფინანსური სახსრები, რომელიც შემოდის, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის.

- ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ ამ სტრატეგიით მოძრაობს?

- ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების მთლიანობში შემცირებით, არამედ ჩვენი ეკონომიკა უნდა გავზარდოთ სხვა კომპონენტების საშუალებით, რომლებიც არ ეხება რუსეთს. კერძოდ, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა - ვგულისხმობ როგორც ექსპორტს, ასევე, ტურიზმს და ა.შ. ეს უნდა მოხდეს ნელ-ნელა; ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი.

- ანუ ამ სიტუაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის გესმით?

- დიახ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ნაწილში დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის მესმის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები