რა ელის რუსეთს? დასავლეთის ეკონომიკური სანქციები? და უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის მიმართ მკაცრ სანქციებს? - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკის“ წამყვანმა, ელენე კვანჭილაშვილმა საინვესტიციო ბანკის Renaissanse Capital-ის წარმომადგენელი, სოფია დონეცი ჩაწერა.
როგორც დონეცი ამბობს, ნებისმიერი მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის ძალიან სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორთა სენტიმენტებზე. მისივე თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი სანქციები საერთოდ არ დაწესდება.
„ეს ძალიან ნეგატიური სცენარია. საბედნიეროდ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდება. რუსეთი მუდმივად იმეორებს იმას, რომ შეჭრა არ განიხილება. ისიც კარგია, რომ უკვე გავცდით იმ „ჩექპოინტს“, რაც შეჭრის თარიღად დაასახელეს ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დეესკალაცია ყველაზე მოსალოდნელი სცენარია. თუმცა არ ველოდებით რომ ეს მოხდება სწრაფად და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს სანქციები არ იქნება მკაცრი და იქნება ზომიერი“, - აღნიშნა მან.
Renaissanse Capital-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ის შესაძლო სანქციებს ორ მსხვილ ჯგუფად ყოფს. ერთია სანქციები, რომელთა დაწესების ალბათობაც პრაქტიკულად არ არსებობს - მკაცრი სანქციები. მეორე კი ის სანქციებია, რომლებიც რუსეთს ვერ შეაშინებს.
„როდესაც ზომიერ სანქციებზე ვსაუბრობთ, რომლებიც არც ისე საშიშია, ვგულისხმობთ სანქციებს ცალკეულ ინდივიდებზე, სანქციებს სამთავრობო უწყებებზე, სანქციებს ზოგიერთ სახელმწიფო ფინანსურ ინსტიტუტზე, მაგრამ არა ბანკებზე, არა კერძო სექტორზე. ამ ტიპის სანქციების შეიძლება ასევე შეეხოს ახალ სამთავრობო ვალს, რაც უკრაინასთან მიმართებით სიტუაციის ესკალაციამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. ეს ზომიერი სანქციებია. და ალბათ იმის თქმაც თავისუფლად შეიძლება, რომ ბაზრისთვის ამ ტიპის სანქციების დაწესება პირველ ეტაპზე შესაძლოა საერთოდ არ იყოს უარყოფითი გავლენის მატარებელი, მეტიც, ერთგვარი შვებაც კი მოჰგვაროს ბაზარს, რადგან დაანონსებული უფრო მკაცრი სანქციების ნაცვლად, მიიღოს ბევრად უფრო რბილი სანქციები. რაც შეეხება რეალურად მკაცრ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ეს ორივე მხარეს ძვირი დაუჯდება“, - ამბობს ის და მაგალითად მოჰყავს სანქციები ვაჭრობაზე, რომლებიც მისივე თქმით, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდეს ევროპისთვის.