მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისში მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება - „ვნუკოვოს“ და „აზიმუტის“ თანამფლობელი

64b008adeda4a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.23 18:23
821
მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოს“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელის ვიტალი ვანცევის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისში მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, საიდანაც ევროპაში ფრენა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ქართველი პარტნიორები Georgian Airways-დან რუს მგზავრებს ტრანზიტის კუთხით კარგ შეთავაზებას უკეთებენ და ევროპის მიმართულებით - პარიზი, ნიცა, რომი ფრენებს უხსნიან, სადაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენები ამ დროისთვის დაკეტილია. შედეგად, რუსეთის მოქალაქეები სტამბულის, ერევნის და ბაქოს შემდეგ, თბილისში მეოთხე სატრანზიტო კვანძს მიიღებენ. „ჯორჯიან ეარვეისთან" ერთად ვცდილობთ (ეს ჰაბი) ისე მოვაწყოთ, რომ ის მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რათა მოლოდინის დრო ხანგრძლივი არ იყოს, საათი ან საათნახევარი“, - განაცხადა ვანცევმა.

RBC-ს კითხვის საპასუხოდ, რომელიც ფრენების აღდგენის პროცესის დეტალებს შეეხებოდა, აეროპორტ ვნუკოვოსა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ რუსეთ საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხების მოგვარების შესახებ კითხვები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ, თუმცა ბიზნესმენი იმ პროცესს განმარტავს, რომელიც საავიაციო ნაწილს ეხება.

„Georgian Airways-ის მფლობელი თამაზ გაიაშვილი ჩემი მეგობარია, ამიტომ აქ ადამიანური და ბიზნეს ფაქტორები გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ფრენების აღდგენა გვინდოდა. ბიზნესზე ვსაუბრობთ და ამიტომ ყველა პოლიტიკურ კაზუსს გვერდით ვწევთ. როდესაც ცხადი გახდა, რომ ფრენების შესასრულებლად შესაძლებლობების ფანჯარა იხსნებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ავმოქმედებულიყავით. დავიწყეთ მზადება, აზიმუტმა მოითხოვა თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეები”, - განაცხადა ვანცევმა და დასძინა, რომ ავიაკომპანიას სიხშირეები მინვოდიდან და სოჩიდანაც აქვს, ასევე აქვს ბათუმის მიმართულებით მიმართვა, თუმცა ამ მხრივ ბაზარს დააკვირდებიან.

ფრენების დატვირთულობის კითხვის საპასუხოდ ვიტალი ვანცემვა აღნიშნა, რომ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დატვირთულობა დღეისთვის 92%-ია, ამიტომაც კომპანიამ დამატებითი რეისების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო და 5 ივლისიდან დედაქალაქებს შორის დღეში 2 რეისის შესრულება დაიწყო.

ცნობისთვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის მაისში აღდგა და ამ დროისთვის პირდაპირი რეისებს რუსული „აზიმუტი“ და ქართული Geogian Airways ასრულებენ, რომლებიც ვნუკოვოდან თბილისში დაფრინავენ. აღნისანიშნია, რომ თავდაპირველად „აზიმუტი“ და Georgian Airways-ი დღეში ქვეყნების დედაქალაქებს შორის ერთ ფრენას ასრულებდნენ. 5 ივლისიდან კი რუსულმა კომპანიამ მეორე ყოველდღიური რეისი აამოქმედა. “ჯორჯიან ეარვეისმა“ კი კვირაში 4 დამატებითი ფრენის შესრულება დაიწყო. RBC წერს, რომ ქართული ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში რეისების შესრულება დაიწყო, რა დროსაც გადაჯდობის დრო 1.10 საათია. აღნიშნულ რეისზე ბილეთების ღირებულება ერთი მიმართულებით 408 ევროდან იწყება ოთხშაბათს, ხოლო 634 ევროდან კი პარასკევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები