რუსეთის მთავრობამ ექსპორტიორებისთვის სავალუტო შეზღუდვები გააუქმა. პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ნულამდე შემცირდა სავალდებულო მოთხოვნა უცხოური ვალუტის რეპატრიაციისა და მისი გაყიდვის შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტის გამყარებისა და სტაბილიზაციის ფონზე, ასევე სავალუტო ლიკვიდობის დეფიციტის არარსებობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ადრე, რუსეთის უდიდესი ექსპორტიორები ვალდებულნი იყვნენ, მიღებული სავალუტო ამონაგების მინიმუმ 40% დაებანდებინათ რუსეთში და მისგან 90% ადგილობრივ ბაზარზე გაეყიდათ.
აღნიშნული მოთხოვნა 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით შევიდა ძალაში. მისი მიზანი იყო სავალუტო კურსის სტაბილურობისა და ფინანსური ბაზრის მდგრადობის უზრუნველყოფა. შეზღუდვები ეხებოდა ენერგეტიკის, მეტალურგიის, ქიმიის, ტყის მრეწველობისა და მარცვლეულის სექტორებში მომუშავე კომპანიებს.
მთავრობამ ამ რეგულაციის მოქმედების ვადა ბოლოს მიმდინარე წლის მაისში გაახანგრძლივა, 2026 წლის 30 აპრილამდე. თუმცა, ახალი დადგენილებით (№1210, 14 აგვისტო, 2025 წელი), ეს ვალდებულება სრულად მოიხსნა.
ექსპერტების შეფასებით, რეგულაციების გაუქმება რუსეთის ხელისუფლების სურვილს ასახავს, ეკონომიკაში მეტი მოქნილობა უზრუნველყოს, თუმცა სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ვალუტის კურსზე, ისე ექსპორტიორი კომპანიების ფინანსურ სტრატეგიებზე.
არსებული მდგომარეობით, ერთი დოლარი 80.5 რუბლი ღირს, შედარებისთვის წლის დასაწყისში ერთი დოლარი 110 რუბლი ღირდა.




























