მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ნავთობის და გაზის შემოსავლებისთვის შეიძლება მძიმე დარტყმა იყოს - WEG აშშ-ის სანქციებზე

რუსული ნავთობი

World Experience for Georgia-ს [WEG] განცხადებით, მრავალმხრივი სანქციების მიუხედავად, რუსეთმა შეინარჩუნა ნავთობის და გაზის შემოსავლების დიდი ნაწილი, რაც ნაწილობრივ მის ადაპტაციის უნარს აჩვენებს, ხოლო ნაწილობრივ გლობალური ენერგეტიკული ბაზრის ურთიერთდაკავშირებულობის შედეგია.

10 იანვარს შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი მიიღო. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ეხება 80 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის: რუსეთის ნედლი ნავთობის და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ძირითადი მწარმოებლების ოპერატორებს; რუსული ნავთობის მსხვილ კომპანიებს, Gazprom Neft-სა და Surgutneftegas-ს, როსატომის წარმომადგენლებს, LNG გადატვირთვის ტერმინალის ოპერატორებს, ჩინურ კომპანიებს, ვინც ეხმარება დასანქცირებულ ARCTIC LNG 2 პროექტს და რუსეთის SOVCOMFLOT-ს, ნავთობის და გაზის მოპოვების სერვის-კომპანიებს, რუსეთის მეტალების და სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიას.

ხაზინის დეპარტამენტის სანქციები ეხება 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და 183 გემს. ჩამონათვალი მოიცავს რუსეთის ნავთობის კომპანიებს, ნავთობის და გაზის მოპოვების სერვისის კომპანიებს, რუსეთის, და სანქციების არიდებაში მონაწილე „ჩრდილოვანი ფლოტის“, 183 ტანკერს, რუსული ნავთობით ფარულად მოვაჭრე ტრეიდერებს, ენერგეტიკის თანამდებობის პირებს და ენერგეტიკულ ელიტას.

სანქციებით იბლოკება სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონება და ქონებრივი ინტერესები, რომლებიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან იმყოფება აშშ-ის მოქალაქეების კონტროლსა თუ მფლობელობაში. გარდა ამისა, ბლოკირებას ექვემდებარება ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, 50 პროცენტზე მეტი წილი ეკუთვნის ერთ ან მეტ სანქცირებულ პირს. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC).

გარდა OFAC-ს დაშვებული გამონაკლისებისა, იკრძალება სანქცირებული პირების ქონებასთან ან ქონებრივ ინტერესებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია, აშშ-ის პირების მიერ ან აშშ-ის ტერიტორიის გავლით. აკრძალვები მოიცავს ფულის, საქონლის ან მომსახურების გადაცემას ან სანქცირებული პირებისათვის ან მათ სასარგებლოდ, ან მსგავსის მიღებას ასეთი პირებისგან. ასევე, სანქციების რისკის ქვეშ დგება უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, ვინც განახორციელებს ან ხელს შეუწყობენ სანქცირებული პირების მნიშვნელოვან ტრანზაქციებს. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ სანქციების საბოლოო მიზანია არა მხოლოდ დასჯა, არამედ - ქცევის პოზიტიური ცვლილების მიღწევა. სანქციების ძალა არა მხოლოდ დასანქცირებაში, არამედ სანქციების მოხსნის შესაძლებლობაშია, მათთვის, ვინც განსხვავებულ ქცევას აჩვენებს. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სანქციების დაწესების დროს გაითვალისწინეს გლობალურ ბაზრებზე მიწოდება-მოხმარების დინამიკა. გასათვალისწინებელია, რომ სანქცირებულია რუსულ ნავთობზე მომუშავე ჩრდილოვანი ფლოტის მხოლოდ ნაწილი. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია რუსული ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში, და ეს ქვეყნები გადაეწყობიან მეტი ნავთობის შესყიდვაზე ოპეკის ქვეყნებიდან. ჩინეთის პორტები უკვე უარს აცხადებენ დასანქცირებული ტანკერების მიღებაზე. ასევე, მოლოდინია, რომ სანქციებთან დაკავშირებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანი არ იქნება, ვინაიდან ოპეკს საკმარისი თავისუფალი სიმძლავრეები აქვს დანაკლისის შესავსებად. სანქციების ეფექტი ჯერჯერობით მკვეთრი არ არის და ნავთობის (ბრენტი) ფასი $80/ბარელზე, გაზაფხულ-ზაფხულის ფასებზე ნაკლებია.

"შეთანხმებულია, რომ სანქციებს ასევე მიუერთდება დიდი ბრიტანეთი, რაც კიდევ უფრო გაართულებს დასანქცირებულთა ფინანსურ მდგომარეობას და საქმიანობას, რაც ერთობლიობაში, ევროკავშირის ადრე მიღებულ სანქციებთან ერთად, შეიძლება მძიმე დარტყმა გახდეს რუსეთის ნავთობის და გაზის შემოსავლებზე და უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ერთად, შეუზღუდოს უკრაინაში ომის ენერგეტიკული შემოსავლებით დაფინანსების შესაძლებლობა.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სანქციების შემოღებით ბაიდენის ადმინისტრაცია აჩვენებს შესაძლო ზიანის ზომას და ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისათვის ძლიერ საყრდენს უქმნის. სავარაუდოა, რომ ტრამპი ამ სანქციებს გამოიყენებს პუტინთან მოლაპარაკებებში და შესაძლოა, მოხსნას კიდევაც გარკვეული პირობებით. იმედია, ამ პირობებში საქართველოს უსაფრთხოებაც იქნება ნახსენები. ამას კი ჩვენი პოლიტიკოსების შესაბამისი ძალისხმევა ესაჭიროება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები