მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ოქროს რეზერვის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა

რუსეთი

რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული ოქროს საერთო მოცულობა ამჟამად 310 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ეს წლის განმავლობაში 92 მილიარდი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია და ისტორიულად საუკეთესო შედეგს წარმოადგენს, რასაც, თავის მხრივ, ბირჟაზე ოქროს გაძვირება განაპირობებს.

როგორც მარეგულირებელი განმარტავს, რუსეთს აქვს როგორც ფიზიკური ოქროს ზოდები და მისი ციფრული სერტიფიკატები, რომელთა ღირებულება მკვეთრადაა გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს ოქრო საშუალოდ 67%-ით არის გაძვირებული, რაც რეზერვის საერთო მოცულობაში ნომინალურად მისი წილის ზრდას იწვევს.

საერთო ჯამში, რუსეთის ბალანსზე 2,329 ტონა ოქროა აღრიცხული, თუმცა ოქროს რეზერვის აუდიტი მრავალი წელია არ ჩატარებულა და შესაძლებელია რეალური მოცულობა განსხვავებული იყოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პორტფელის თითქმის ნახევარი დასავლურ იურისდიქციაშია გაყინული და ცენტრალურ ბანკს მასთან წვდომა არ აქვს, თუმცა ის ფინანსურ ანგარიშგებაში მაინც აღირიცხება და რუსეთის მთავრობის ბალანსზე რჩება.

ზოგადად, ოქრო ისტორიაში ყველაზე გამოცდილი და სანდო სარეზერვო აქტივია, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაცვის და ფინანსური კრიზისის არიდების საშუალებას აძლევს, რადგან სავალუტო კოლაფსის მიუხედავად, ოქროს ყოველთვის გამოუჩნდება მყიდველი. ლიკვიდურობასთან ერთად, ოქროს კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს - ის საკრედიტო უზრუნველყოფის მექანიზმად და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ვალის ასაღებად შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც ქვეყნის მთავრობას მეტ მოქნილობას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები