მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა "სკვითური ოქროს" უკრაინაში დაბრუნების ფაქტზე საქმე აღძრა

სკვითური ოქრო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა “კულტურული საკუთრების ქურდობისა და ყირიმის კოლექციიდან არდაბრუნების ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება "სკვითურ ოქროს", რომელიც 2023 წელს ჰოლანდიის სასამართლოს დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის საკუთრებას არ წარმოადგენდა და უკრაინაში დააბრუნეს.

ყირიმის ოთხი მუზეუმის ჯამში 565 ექსპონატს "სკვითურ ოქროს" უწოდებენ და მოიცავს ქრისტეშობამდელი პერიოდისა და ადრეული შუა საუკუნეების, ყირიმში მცხოვრები სკვითების, გოთებისა და სარმატების სამკაულებს, იარაღსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. “სკვითური ოქრო” 2014 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ამსტერდამში იყო გამოფენილი. 2014 წლის 18 მარტს ყირიმის ანექსიის შემდეგ კი, ნახევარკუნძულზე მდებარე მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მუზეუმები, კოლექციის მათთვის დაბრუნებას მოითხოვდნენ, რასაც კიევი ეწინააღმდეგებოდა.

საკითხზე სამართლებრივი დავა თითქმის 10 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, ნიდერლანდების უზენაესი სასამართლოს დადგენილებით 2023 წლის ნოემბერში "სკვითური ოქრო" უკრაინას დაუბრუნდა და კიევში იქნა გადატანილი, ხოლო 2024 წლის 4 ივლისს უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "ყირიმული საგანძური. დაბრუნება" გაიხსნა. გამოფენა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გახსნა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, "სკვითური ოქროს" საკითხზე სისხლისსამართლებრივი დევნა ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლების, უკრაინისა და ამსტერდამის უნივერსიტეტის ალარდ პირსონის არქეოლოგიური მუზეუმის წინააღმდეგ დაიწყო.

მათივე განმარტებით, რუსეთის კანონმდებლობა პროკურატურას უფლებას აძლევს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ ჩადენილი ქმედებებისთვის ბრალი წაუყენოს, თუ სავარაუდო დანაშაული “რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ” არის მიმართული.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნახევარკუნძულის მუზეუმები და მათი ყველა ექსპონატი, რუსეთის ფედერაციის საკუთრება გახდა. მისი თქმით, ეს ეხება "სკვითური ოქროს" კოლექციასაც. "ამგვარად, ნიდერლანდების სამეფოს, უკრაინისა და ალარდ პირსონის მუზეუმის წარმომადგენლებმა კომპენსაციის გარეშე მოიპარეს ექსპონატები, რომლებიც კულტურული საგანძურია, და უკრაინაში გადაიტანეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნების ნაცვლად,” - მიიჩნევს პეტრენკო.

ამასთან, რუსული მხარის განცხადებით, ამსტერდამში მდებარე მუზეუმმა 2013 წლის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რომლის თანახმადაც ყირიმის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიდან არტეფაქტები ამსტერდამში დროებით, გამოფენისთვის იქნა წაღებული.

რუსეთის საგამოძიებო სამსახური "სკვითური ოქროს" კოლექციის ღირებულებას არანაკლებ 117 მილიონ რუბლად (დაახლოებით 1.3 მილიონი ევრო) აფასებს. ხოლო მათი საბაზრო ღირებულება ამ რიცხვზე გაცილებით მაღალია და "ზოგიერთი არტეფაქტი შეუფასებელია მსოფლიო კულტურაში ანალოგების არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში DW-ს განუცხადეს, რომ ექსპონატები ფონდში ყირიმის დეოკუპაციამდე დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები