მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა QIWI Bank-ს ლიცენზია ჩამოართვა

რუსეთი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „კივი-ბანკს“ საბანკო ლიცენზია ჩამოართვა. მიზეზი მაღალრისკიანი ოპერაციები და ჩრდილოვან სექტორთან მომხმარებელთა ანგარიშსწორებებია. 2022 წლის შემდეგ ეს საბანკო ლიცენზიის გახმობის პირველი შემთხვევაა. ინფორმაცია რუსული მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსული მედიის ცნობით, საგადახდო სისტემა Contact-მა, რომელიც QIWI-ს სერვისებში გამოიყენებოდა, მუშაობა უკვე შეწყვიტა. ასევე შეუძლებელია QIWI-საფულის შევსება და იქიდან ფულის გამოტანა.

მარეგულირებლის ცნობით, QIWI Bank-ს ქვეყნის საბანკო სისტემაში 89-ე ადგილი ეკავა. ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ QIWI Bank-მა საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ფედერალური კანონი, ასევე შემოსავლების ლეგალიზების კუთხით კანონმდებლების მოთხოვნები დაარღვია, რომელიც დანაშაულებრივი გზით შემოსავლების მიღებას და ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში QIWI Bank-ის მიმართ შესაბამისი ზომები 5-ჯერ იყო მიღებული, მათ შორის ორჯერ ცალკეული ოპერაცია შეზღუდვა.

მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ QIWI Bank-ი ეკონომიკის რეალური სექტორის მნიშვნელოვანი კრედიტორი არ იყო და ჩართული იყო „მაღალრისკიან ოპერაციებში, რომელიც ფიზიკურ პირებს შორის ანგარიშსწორების უზრუნველყოფას და ჩრდილოვან ბიზნესთან ურთიერთობას გულისხმობდა“. საუბარია კრიპტოგადამხურდავებლებთან, არალეგალურ ონლაინ-კაზინოებთან და სხვა მსგავს მხარეებთან თანხების გადარიცხვაზე. ასევე მარეგულირებელმა ბანკის მიერ QIWI-საფულეების გახსნის მრავლობითი შემთხვევები დააფიქსირა, რა დროსაც გამოყენებული იყო ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები მათი თანხმობის გარეშე, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენდა.

"QIWI Bank-ის დეპოზიტარებისთვის თანხების გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 6 მარტისა", - ამის შესახებ დეპოზიტარების სადაზღვევო სააგენტო აცხადებს.

ცნობისთვის: ფულადი გადარიცხვების სისტემა Contact, რომელსაც Qiwi Bank-ი იყენებდა, საქართველოშიც მოქმედებდა. მხოლოდ იანვარში ამ სისტემით საქართველოში 36 მილიონი დოლარამდე გადმოირიცხა, 879 ათასი დოლარი კი ქვეყნიდან გადაირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა Contac-ის სისტემით გადმორიცხული ფულადი გზავნილების ქვეყნების მიხედვით დაკვირვების საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები