მიმდინარე წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, როგორც გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
„ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით - ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება.
ბუნებრივია, მიგრაციული ტალღების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია, განსაკუთრებით - თუ საქმე ეხება შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების მიგრაციას, თუმცა მხოლოდ ამ პირდაპირი ეფექტების ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი - უარყოფითია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციასა და საინვესტიციო კლიმატზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, წლის დასაწყისიდან 9 თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ტურიზმის აღდგენამ 97.5% შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე 98.1%.
ჯამში, 9 თვის ექსპორტის ზრდამ 37.4% შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე - 47.1%.
„თუ დავუშვებთ, რომ ომის გარეშე რუსეთისა და უკრაინის აღდგენაც სხვა ქვეყნების მსგავსი იქნებოდა, როგორც ექსპორტში, ასევე, ტურიზმში, წმინდა ეფექტი შემოდინებებში უარყოფითია, ხოლო მაღალი ეკონომიკური აღდგენის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმისა და ექსპორტის სწრაფი აღდგენის ზოგადი ტენდენციაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.