მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისა და უკრაინის ბრძოლა ენერგეტიკულ ფრონტზე - აგვისტოს თვის შეჯამება

ენერგეტიკული შეტევები

XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 3 წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით დაიწყო, გრძელდება. მხარეები მუდმივად ცდილობენ, მოვლენები სათავისოდ წარმართონ. თუ 2022, 2023 და 2024 წლებში ფრონტის ხაზი მხოლოდ ბრძოლის ველზე გადიოდა, ახლა მხარეები მეტ დროს, ყურადღებასა და რესურსს ერთმანეთის ენერგეტიკულ სექტორებზე უკონტაქტო დარტყმებს უთმობენ.

2-დან 24 აგვისტოს ჩათვლით უკრაინამ, სულ მცირე, 10 რუსული ნავთობგადამმუშავებელი ობიექტი დაბომბა. მათ შორის, პირველი დარტყმები რიაზანში, სოჭში, სარატოვსა და ვოლგოგრადში განხორციელდა. ფაქტობრივად, აგვისტოს დასაწყისში უკრაინამ აქცენტი მთლიანად რუსულ ნავთობობიექტებზე გადაიტანა. შედეგმაც არ დააყოვნა - ყველა სამიზნე წერტილი ცეცხლის ალში გაეხვია და ფუნქციონირება არაერთ შემთხვევაში სრულადაც შეწყდა. უფრო კონკრეტულ ციფრებზე რომ ვისაუბროთ, რუსეთში დღიურად 1.1 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოება შეჩერდა. თეთრი სახლის მიერ დადასტურებული ცნობით, უკრაინულმა შეტევებმა ნავთობ-გადამმუშავებელი ობიექტების 20% მწყობრიდან გამოიყვანა.

არანაკლებ ეფექტური იყო უკრაინული დრონების მიერ ესტონეთის სიახლოვეს მდებარე უსტ ლუგას ნავთობგადამმუშავებელი ობიექტისა და საექსპორტო ჰაბის დაზიანება. დარტყმამ ობიექტის საქმიანობა მომენტალურად შეაჩერა და ის ამ დრომდეც კი, მხოლოდ ნახევარი დატვირთვით მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, ჰაბის ფუნქციონირების სრულად აღდგენა 2026 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მოხერხდება. გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტისთვის ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის ობიექტზე დარტყმამ რუსეთს მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა აიძულა. ის ნავთობი, რომელიც უსტ ლუგას პორტებიდან უნდა გასულიყო, ახლა შემსყიდველ ქვეყნებს ნოვოროსიისკისა და პრიმორსკის პორტებიდან მიეწოდებათ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული დარტყმების მიზანი მხოლოდ რუსული ომის მანქანის მთავარი დასაყრდენის, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება არ ყოფილა. ოფიციალურმა კიევმა შეტევები რიგ შემთხვევებში სხვა გეოპოლიტიკური აქტორებისთვის გზავნილის გასაგზავნადაც გამოიყენა. მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ "დრუჟბას", იგივე მეგობრობის მილსადენზე ერთ კვირაში მიტანილი ორი იერიში. დარტყმების სიმძლავრემ ჯერ რამდენიმე დღით, შემდეგ კი რამდენიმე კვირით შეაჩერა სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება. ოფიციალურმა ბრატისლავამ და ბუდაპეშტმა უკრაინული იერიშები მკაცრად დაგმეს და ევროკავშირს მოუწოდეს, უკრაინას წევრი ქვეყნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე დარტყმა აუკრძალოს.

ვსაუბრობთ ომზე და, ცხადია, მხოლოდ ერთი მხარის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ უკრაინას რუსეთი ვალში არ დარჩენია. დრონებით განხორციელებულმა მასირებულმა შეტევებმა სუმის რეგიონში პოლტავას გაზის უმნიშვნელოვანესი მილსადენი დააზიანა. დარტყმების სამიზნე იყო ჩერნიჰოვისა და ხარკოვის ელექტროსადგურები. ასევე, დონეცკის ნავთობის საცავი. დაბომბვამ, ცხადია, შედეგი გამოიღო. 100,000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია შეუწყდა. უდენოდ დარჩა არაერთი სამოქალაქო საავადმყოფო. პრობლემები შეექმნა ოდესასა და ჩორნომორსკის პორტებსაც.

უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთი მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებით არ შემოფარგლულა. დრონებისა და რაკეტების სამიზნე არამხოლოდ ნავთობის საწყობები, ელექტროსადგურები და გაზის მილსადენები, არამედ რიგითი მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ. 28 აგვისტოს გამთენიისას, როცა მართლმადიდებელი მსოფლიო მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნად ემზადებოდა, რუსეთმა კიევზე ომის დაწყების შემდეგ რიგით მეორე ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიტანა. 600-ზე მეტი დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შედეგად 20-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა. დაზიანდა ევროკავშირისა და ბრიტანეთის დიპლომატიური ოფისები, რამაც, ცხადია, საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. სწორედ ამ უპრეცედენტო მასშტაბის დარტყმის ფონზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს და ეკონომიკურ ზეწოლას დამატებით გაზრდის.

რთულია, იმის განსაზღვრა, შეცვლის თუ არა ვითარებას სანქციების კიდევ ერთი ტალღა, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება და მასში გამოყენებული საბრძოლო ტაქტიკები ომის წარმოებისადმი კაცობრიობის აღქმებს ფუნდამენტურად ცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები