მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ ინვესტორები ასეთ ქვეყნებზე სულ უარს იტყვიან“ - ხორგუაშვილი

ხორგუაშვილი

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილის აზრით, კანონპროექტის გარშემო დაძაბულობა ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. როგორც ხორგუაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკასთან მიმართებით ინვესტიციების მოცულობა ისედაც კლებადი იყო, ეს მაჩვენებლები კი სამომავლოდ კიდევ უფრო შემცირდება.

„ამ ქვეყანაში მკვიდრდება დიდი ხანია რუსული მმართველობა. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს სულ თავიდანვე დაიწყო. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, რუსეთში ვინ ახორციელებს ინვესტიციებს, ვინ არის ინვესტორი კანადა თუ ბრიტანეთი? - არის მხოლოდ ხელისუფლება. ჩვენც 2012 წლიდან გვაქვს პოლიტიკა, სადაც ხელისუფლებამ მთლიანად დაიკავა მთავარი აქტორის როლი ეკონომიკაში. მასშტაბები სულ უფრო დიდდება, არათუ ინვესტორია, ასუბსიდირებს გარშემო ყველას და ყველაფერს ისევ ჩვენი ფულით და იღებს დიდ ვალებს.

ამ წლების მიდგომა სრულად დაკოპირებულია რუსეთისგან, უბრალოდ უფრო ემგვანება. ავიღოთ თუნდაც დედოლარიზაციის პოლიტიკა, ბევრი და მათ შორის ჟურნალისტიც, ბატონ კობას უწონებდა ამ გადაწყვეტილებებს. რა იყო ეს თუ არა ის, რომ ყველაზე გავლენიანი და სანდო პარტნიორი ქვეყნის ვალუტაზე უარს ვამბობდით? ამით იზარალა ძალიან ბევრმა მოქალაქემ, პროცენტები გაიზარდა, ფასები გაიზარდა, ასე რომ ეს მიდგომა არ არის ახალი.

ვიტყოდით დღეს, რომ აი ინვესტიციებს საფრთხე ემუქრება და არ შემოვა, მაგრამ ისედაც არ გვაქვს ეს ინვესტიციები. ხშირად ტრაბახობენ ხოლმე ნომინალში ინვესტიციებზე, ნომინალში ინვესტიციებზე საუბარი უბრალოდ არ შეიძლება, არამეცნიერულია, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკასთან მიმართებით რამდენი შემოდის ყოველ წელს. ძალიან დაბალია 8%-ზე ნაკლები და სულ მცირდება რაც ნიშნავს იმას, რომ როცა გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ის არ გამომდინარეობდა ინვესტიციებიდან. ინვესტიციების ფარდობა ეკონომიკასთან იყო ხოლმე 20-22%. 2022 წელს როცა მაღალი ზრდა გვქონდა, ამის მიზეზი იყო თანხის შემოსვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან.

სამომავლოდაც რომ ვისაუბროთ, ქვეყანაში სადაც ასეთი რამეები ხდება, იქ ინვესტორი რისკებს არ იღებს. ინვესტორები ხომ სწავლობენ წინასწარ ქვეყნებს სადაც შეიძლება თავიანთი თანხა დააბანდონ, თუ იცი რომ ქვეყანა დასავლეთისკენ მიდის, იცი რომ დაზღვეული ხარ ბევრი მიმართულებით, რუსეთისკენ თუ გადადიხარ ნიშნავს, რომ მთლიანად ეცვლება მომავალი, აქედან გამომდინარე ინვესტორები ასეთ ქვეყნებზე სულ უარს იტყვიან,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები