ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალურ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ეს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ დონეზე ნეგატიურად აისახება.
მინისტრის განცხადებითვე, საქართველო სრულად არის მიერთებული საერთაშორისო სანქციებთან და ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რათა ეს სანქციები პირნათლად აღსრულდეს.
“სანქციებთან დაკავშირებით არაერთი მკაფიო განცხადება გაკეთდა მთავრობის მხრიდან. საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო სანქციის ნაწილი, რომელიც მიღებულია კონსენსუსით, შესაბამისად, საქართველო მკაფიოდ იცავს შეთანხმებებს, რომლებიც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან.
თქვენ დაინახეთ საქართველოს ყველაზე მკაფიო პოზიციები, ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც დაგმობილია [ომი] და საქართველო არის ყველაზე მკაფიო მხარდამჭერი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
რაც შეეხება, ინდივიდუალურ ეკონომიკურ სანქციებს, რომელსაც საქართველო ცალსახად, ცალმხრივ რეჟიმში არ აწესებს; ამის ნათელი მაგალითი არსებობს ძალიან ბევრი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ინდივიდუალურ სანქციებს თვითონაც არ აწესებენ.
საქართველოს თავისი სპეფიციკიდან გამომდინარე, აქვს თავისი საფუძველი ამ გადაწყვეტილებების, ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება და გვესმის ეს ფაქტორები, რაც არის ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი სანქციები არანაირი ეფექტის მომტანი შეიძლება არ იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის. საკმაოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ინდივიდუალურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და შეიძლება, ისევ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა დავამძიმოთ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ საკითხზე სპეკულირებას არანაირი საფუძველი არ აქვს.
მეორე ნაწილი, ის რომ საქართველო შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილად, სადაც ხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, ეს არის უპასუხისმგებლო და ამორალური განცხადებები და ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს, ჩვენს პარტნიორებთან.
ფინანსთა სამინისტროს აქვს გამკაცრებული მონიტორინგის მექანიზმები, რომ ასე არ მოხდეს. ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს.
სამწუხაროა, რომ ხდება ამ თემით სპეკულირება და ეს გრძელდება უკვე არაერთი დღეა და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ეს ხდება იმ ადამიანთა მხრიდან ამის აქცენტირება, ვინც თავის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს,” - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.




























