მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა Amnesty International-ი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

რუსეთი

რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციას Amnesty International საქმიანობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ეს გადაწყვეტილება კრემლის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული უახლესი რეპრესიების ნაწილია, რომლებიც უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომს.

რუსეთის ფედერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Amnesty International „გლობალური რუსოფობიური პროექტების მომზადების ცენტრს“ წარმოადგენს და უკრაინის მჭიდრო მოკავშირეა.

„ისინი ამართლებენ უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულებს, მოუწოდებენ მათი დაფინანსების გაზრდისკენ და ითხოვენ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Amnesty ოფიციალურად „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ მას უფლება აღარ აქვს საქმიანობა განაგრძოს რუსეთის ტერიტორიაზე. Amnesty International-ი, რომელიც აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის მასშტაბურად დაწყების შემდეგ (2022 წლის თებერვალში) რუსეთის არაერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირება უზრუნველყო და მოუწოდა პასუხისმგებელი პირების დასჯას.

აღსანიშნავია, რომ Amnesty International-ის მოსკოვის ოფისი უკვე დახურული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ბოლო წლებში, რუსეთმა ასევე სხვა ორგანიზაციები აკრძალა, მათ შორის Human Rights Watch და მსახიობ, ჯორჯ კლუნის არასამთავრობო ფონდი. რუსეთმა 2015 წლიდან ასზე მეტ უცხოურ უფლებადაცვით ჯგუფსა და ფონდს „არასასურველი ორგანიზაციის“ სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული კანონი ხელისუფლებას აძლევს უფლებას, აკრძალოს ორგანიზაციები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ. პარალელურად, იზრდება შიდა რეპრესიებიც, რაც თან სდევს რუსეთის გამწვავებულ საგარეო აგრესიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები