რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-მა ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან საკუთარი პერსონალის ევაკუაციის მორიგი ეტაპი განახორციელა.
შაბათს ობიექტი კიდევ 198-მა სპეციალისტმა დატოვა, რაც თებერვლის ბოლოს დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ თანამშრომელთა გაყვანის უწყვეტი პროცესის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ევაკუაციის ეს ტალღა წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა ის დროში დაემთხვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, ჭურვის ნამსხვრევმა ობიექტის ფიზიკური დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი იმსხვერპლა, აფეთქების ტალღამ კი სადგურის ერთ-ერთი შენობა დააზიანა. Rosatom-ის ხელმძღვანელის, ალექსეი ლიხაჩოვის განცხადებით, დაღუპული ირანის მოქალაქეა. TASS-ის ცნობით, ლიხაჩოვმა ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა და აღნიშნა, რომ მოვლენები ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.
ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ბუშიერის სადგური რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევა. საბრძოლო მოქმედებების ზონასთან სიახლოვე და საერთაშორისო პერსონალის მასობრივი ევაკუაცია მიუთითებს იმაზე, რომ ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების რისკები მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს. ამ ეტაპზე Rosatom-ს სადგურზე სამუშაოების სრული შეჩერების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, პროცესების შემდგომი ესკალაცია მოსალოდნელია.




























