რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყეს. “საზღვაო ინტერაქცია 2025” ეწოდება იმ საზღვაო წვრთნებს, რომელშიც არტილერია და საჰაერო თავდაცვა აქტიურად იყო ჩართული. ამასთან, ქვეყნებმა დატესტეს, რამდენად შეუძლიათ წყალქვეშა ხომალდების მოძიება და განადგურება. წვრთნებში მონაწილეობა წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო რუსულმა ხომალდმა, ორმა ჩინურმა გამანადგურებელმა და დიზელზე მომუშავე არაერთმა წყალქვეშა გემმა მიიღო. ერთობლივი საზღვაო ვარჯიშები 5 აგვისტოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი წვრთნების ჩატარება ტრამპის მიერ ორი ატომური წყალქვეშა გემის რუსეთის სიახლოვეს განთავსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა. თუმცა მათ შორის რამე სახის პირდაპირ კავშირს ორივე მხარე გამორიცხავს.
ცნობისთვის, 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით არაერთ ნაბიჯს დგამენ. ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ შეთანხმება, რომელსაც ლიდერების თქმით, საზღვრები არ აქვს. სავარაუდოდ, იაპონიის ზღვაში ჩატარებული წვრთნა ამ თანამშრომლობის ნაწილია.




























