დღეს, 4 აპრილის საღამოს, რუსეთმა უკრაინის ქალაქზე, კრივოი როგზე იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი, კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერენ.
უახლესი მონაცემებით, იერიშის ადგილთან ახლოს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.
"რუსული რაკეტა ჩვეულებრივ ქალაქზე. უბრალოდ ქუჩაზე. საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე. წინასწარი მონაცემებით, ეს იერიში ბალისტიკურია. ახლანდელი მდგომარეობით, ცნობილია 14 დაღუპულის შესახებ, მათ შორის, 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დაზიანებულია, სულ მცირე, 5 სახლი," - წერს ზელენსკი.