რუსეთის ხელისუფლებამ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინააღმდეგ ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, 2022 წლიდან პლატფორმა 153,000-ზე მეტ დანაშაულში ფიგურირებს, მათ შორის "კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტისა და ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, ასევე გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობების კოორდინირებაში.
აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მილიარდერმა სისტემატურად უგულებელყო მედიის მარეგულირებლის 150,000-ზე მეტი მოთხოვნა არალეგალური კონტენტის წაშლის თაობაზე.
თავის მხრივ, პაველ დუროვი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ჩასახშობად ახალ საბაბს იგონებს, რათა მოქალაქეები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ აპლიკაციებზე გადაიყვანოს. აღსანიშნავია, რომ პუტინის ხელისუფლებასა და ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელს შორის დაპირისპირება ათწლეულს ითვლის. კრემლმა Telegram-ის დაბლოკვა ჯერ კიდევ 2018 წელს, მას შემდეგ სცადა, რაც კომპანიამ საკუთარი სისტემის დაშიფვრის გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ პლატფორმის პოლიტიკის გამო დუროვს სამართლებრივი პრობლემები ევროპაშიც შეექმნა. 2024 წელს ის საფრანგეთში დააკავეს და ორგანიზებული დანაშაულის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.
ცნობისთვის, Telegram-ს ამჟამად 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ინფორმაციის გაცვლის მთავარ ჰაბადაა ქცეული.




























