რუსეთმა, თავისი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მიზნით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული ბაზებიდან სამხედროები უკრაინაში გადაიყვანა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კომპლექტაციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის ტერიტორიაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობის ნაწილია.
მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში 3 ტაქტიკური ბატალიონი გაიგზავნა, რომლის საერთო მოცულობა 1 200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან კი ორი ტაქტიკური დაჯგუფება გადაყვანეს, რაც დაახლოებით 800 ადამიანს შეადგენს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირადი ქვედანაყოფების შემადგენლობის შევსების პრობლემები კვლავ აქვს: კერძოდ კი 47-ე სატანკო დივიზიის 26-ე სატანკო პოლკის სამხედროები, რომლებსაც კონტრაქტები ჰქონდათ დადებული, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ხელშეკრულებების გაწყვეტას და მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გადაყვანას ითხოვენ.
გენშტაბის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის გაერთიანებულმა დაჯგუფებებმა რუსი ოკუპანტების 4 შეტევა მოიგერიეს.
„ჩვენმა სამხედროებმა 7 ტანკი, 7 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ავტომობილი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გაანადგურეს. მოწინააღმდეგე დანაკარგს ცოცხალ ძალაშიც განიცდის", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმციაში.




























