10 აგვისტოდან რუსეთში პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმების, Telegram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებლებს დარეკვისა და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციები შეეზღუდათ. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა განმარტეს, რომ ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კომუნიკაციების აღნიშნული ფორმების შეზღუდვა რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2024 წელს გადაწყვიტა, თუმცა სისრულეში ახლა მოიყვანა. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ე.წ. სკამერული ქსელების განადგურებას ცდილობს, თუმცა მათ არ დაუმალავთ არც ის განზრახვა, რომ ქვეყნიდან უცხოური კომპანიები სრულად გავიდნენ.
ციფრული კომუნიკაციის აღნიშნული ფორმების შეზღუდვას წინ უძღოდა რუსული მობილური ოპერატორების უკმაყოფილებაც, რომელთა შეფასებითაც, დაფიშფრული, უფასო ინტერნეტ-ზარები მათ შემოსავლებზე უარყოფითად მოქმედებდა. ადამიანები აღარ იხდიდნენ თანხას ოპერატორების მომსახურებაში და ერთმანეთთან Telegram-ისა და WhatsApp-ის საშუალებით საუბრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა უწყებებმა უკვე დაიწყეს ალტერნატივის, Max-ის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. თავად Max-ი, რუსული კომპანია VK-ს საკუთრებაა და დაკავშირებულია ქვეყნის უმსხვილეს ენერგოგიგანტთან, Gazprom-თან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან რუსეთში გაყიდულ ყველა ტელეფონში ავტომატურად ჩაშენდება Max-ი, ხოლო კონკურენტ ბრენდებს შესაძლებლობები კიდევ უფრო შეეზღუდებათ.




























