მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა უკრაინაში უცხოური დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბა - უკრაინის საგარეო უწყება

622763a83c90d
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 18:21
615
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მოქმედი საბერძნეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის და ალბანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაბომბეს.

„რუსული სამხედრო სარაკეტო შეტევის შედეგად მარიუპოლში დაზიანდა შენობა, სადაც საბერძნეთის საკონსულო და ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისი იყო, განადგურდა ასევე ხარკოვში სლოვენიის, აზერბაიჯანის და ალბანეთის საპატიო საკონსულოების შენობები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა დიპლომატიური მისიების შენობებზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებებს და დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას არღვევს. შესაბამისად, უწყება საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტების ბარბაროსული დაბომბვების დაგმობისკენ მოუწოდებს.

„უკრაინული მხარე უკრაინაში საგარეო დიპლომატიური მისიების განადგურების ფაქტებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში წარადგენს, რათა რუსეთს აღნიშნულ დანაშაულებებზე მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები