მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ?

უკრაინა, აშშ და რუსეთი

ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, აბუ-დაბიში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 314 სამხედრო ტყვეს გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავსი შეთანხმების მიღწევა მხარეებმა 5 თვის წინ მოახერხეს.

როგორც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მედიას განუცხადა, დეტალურმა და პროდუქტიულმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო და ეს მშვიდობის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უიტკოფის განცხადებით, ფაქტი, რომ მხარეებმა ამ მხრივ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება შეძლეს მიანიშნებს, რომ დიპლომატიური არხებით შედეგების მიღება კვლავაც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რამდენიმე დღის წინ ამ თემის აქტუალობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ პატიმრების გაცვლა იქნებოდა.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების სამმხრივი, მე-2 რაუნდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე უკრაინისა და რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლები იღებდნენ მონაწილეობას. სტივ უიტკოფის ინფორმაციით, პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულია და დიპლომატიური შეხვედრები მომავალ კვირებში გაგრძელდება. რაც შეეხება დონბასის საკითხს, რომელიც მოლაპარაკებების საკვანძო თემად მიიჩნევა, ამ მხრივ შეთანხმება ვერც ამჯერად შედგა. როგორც უიტკოფის თქმით, ამ პოზიციების დაახლოებისთვის კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები