მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთს სურს, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს დაპირება და 2008 წლის ომის გამო, ბოდიში მოიხადოს

ივანიშვილი

რუსეთის საგარეო უწყება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირება ახსენებს, რომ „ბოდიშს მოიხდიდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ოთხშაბათს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის შემდეგ რომელიც საქართველოს, რუსეთს, აშშ-ს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს შორის გაიმართა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს რუსეთმა ასევე მოითხოვა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის საზღვრების გამოკვეთა.

მოსკოვი დამატებით აცხადებდა, რომ მოლაპარაკებების დროს მან „კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ გასული წლის [საპარლამენტო] საარჩევნო კამპანიის დროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ შემრიგებლურ განცხადებებზე“.

14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა გორში თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ამის შემდეგ, 10 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ძალაშია გზავნილი, [ივანიშვილის ბოდიში] რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები