რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვს თბილისთან კონტაქტები აქვს. როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, არსებობს შესაძლებლობები, მხარეებმა აქტუალური საკითხები განიხილონ. ინფორმაციას პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. გვაქვს ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა, აქტუალური საკითხები განიხილონ, პირველ რიგში, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა ლავროვმა "3+3" ფორმატის შეხვედრაზე.
ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, "3+3-ის" მესამე შეხვედრა სტამბოლში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ.
საქართველოს პოზიცია უცვლელია, ის მონაწილეობას ამჯერადაც არ იღებს.