ჩანთების, ფეხსაცმლების და აქსესუარების ქართულმა მწარმოებელმა“გეფერინმა” რუსეთსა და უკრაინაში, ჯამში, 7 ობიექტი დახურა. მიზეზი ომია, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, ორივე ბაზრის წილი, მთლიან მოცულობაში, მცირე იყო და შესაბამისად, დიდ ზარალს არ ითვლიან.
"დაახლოებით, სამი წლის წინ, რუსეთის ბაზარზე, 17 ქალაქში ვიყავით წარმოდგენილი და ვხვდებოდით, თუ რა საფრთხის მატარებელი იყო ამ ბაზარზე ოპერირების გაგრძელება, ამიტომ დივერსიფიცირება დავიწყეთ. ამის შესაძლებლობას ახალი ბაზრების მიმართ გამოკვეთილი ინტერესებიც გვაძლევდა. შესაბამისად, რუსეთის ბაზრის წილი ჩვენს ბიზნესში 4%-მდე დავიყვანეთ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რუსეთ-უკრაინის ომმა კომპანია სერიოზული ზარალის წინაშე არ დააყენა. პარალელურად, ორ ქვეყანაში 7 ობიექტის დახურვა, ჩინეთის უდიდეს ბაზარზე შესვლით დავაბალანსეთ, სადაც გაყიდვები 15 მაისიდან დაიწყება", - განაცხადა ილია გეფერიძემ.
ამასთან, “გეფერინის” პროდუქცია მომდევნო თვეში ისრაელის ბაზარზეც გაიყიდება; რაც შეეხება ტანსაცმლის ხაზის დამატებას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, ეს გეგმა ჯერ კიდევ ძალაში რჩება, თუმცა დროებით შეჩერდა.
"ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ტანსაცმლის ხაზი დაგვემატებინა, მაგრამ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ახლა, როცა გაცილებით მეტი გამოწვევის წინაშე ვართ, ვფიქრობთ, სწორი არ იქნება ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელება, თუმცა გეგმაზე უარს არ ვამბობთ და ჩინეთის ბაზრის ათვისების შემდეგ, ეტაპობრივად ტანსაცმლის ხაზის დამატებას დავიწყებთ", - აღნიშნა ილია გეფერიძემ.