სტუდენტების მიღების პროცესში ჩარევა და საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის შეზღუდვა საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას პირდაპირ აზიანებს - ასე აფასებს უმაღლესი განათლების ექსპერტი, ქეთი ცოტნიაშვილი "ოცნების" განათლების რეფორმას.
BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც ევროპულ პრინციპებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას.
ცოტნიაშვილის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე შესაძლო შეზღუდვებია - პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ავტორიტარულ სახელმწიფოში გვხვდება.
„მსგავსი მაგალითი, მხოლოდ ვიეტნამში და ჩრდილოეთ კორეაში არსებობს. რუსეთსაც კი არ აქვს ასეთი შეზღუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, მაშინ როცა საერთაშორისო სტუდენტები უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე შეფასებით, რეფორმის მთავარ პრობლემას თავად მისი შემუშავების პროცესი წარმოადგენს. ცოტნიაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი დახურულ კარს მიღმა შეიქმნა, უნივერსიტეტების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის პრინციპებს, სადაც მონაწილე მხარეების ჩართულობა საკვანძო მოთხოვნაა. როგორც ის აღნიშნავს, უნივერსიტეტების ავტონომია ევროპული სტანდარტების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, მაშინ როდესაც ახალი კონცეფცია ამ უფლებას პირდაპირ ზღუდავს.
ექსპერტი ასევე პრობლემურად მიიჩნევს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამების წინასწარ განსაზღვრასაც. მისი თქმით, დღეს უნივერსიტეტები თავად წყვეტენ, რომელი პროგრამები განახორციელონ საკუთარი აკადემიური მიმართულებებისა და რესურსების მიხედვით, მაშინ როცა ახალი რეფორმა სახელმწიფოს აძლევს უფლებას განსაზღვროს, რომელი პროფილი რომელ უნივერსიტეტში უნდა დარჩეს.
ამასთან, გაურკვევლად არის ჩამოყალიბებული აკადემიური პერსონალის იერარქიული კვოტირების მოდელი: „კონცეფციაში წერია, რომ თითოეულ მიმართულებაზე უნდა იყოს ერთი პროფესორი, ორი ან სამი ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ-პროფესორი. გაურკვეველია, რას ნიშნავს "მიმართულება" ან "ფაკულტეტი", როცა ზოგ ფაკულტეტში, ერთად არის განათლება და ფსიქოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ისინი იყოფა? ამაზე დოკუმენტი არც განმარტებას იძლევა და არც შემდგომ განხილვებს“, - აცხადებს ცოტნიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, რეფორმისადმი უარყოფითი განწყობა თითქმის ყველა უნივერსიტეტში შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ხელმძღვანელები ოფიციალურად ლოიალურად გამოდიან, აკადემიური პერსონალის შიდა დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახალი კვოტირების წესით კი პროფესორების პოზიციების მნიშვნელოვან ნაწილს საფრთხე ექმნება, რაც დამატებით დაძაბულობას ქმნის.
ცოტნიაშვილის შეფასებით, რეფორმის წარმატება შეუძლებელი იქნება, თუ პროცესში რეალურად არ ჩაერთვება განათლების სფეროს ყველა მონაწილე - პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები.




























