მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში არამეგობრული ქვეყნების ბიზნესის ექსპროპრიაცია იწყება, მსხვერპლთა შორის Wintershall და OMV არიან

პუტინი

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არამეგობრულ ქვეყნებთან დაკავშირებული კომპანიების ექსპროპრიაციას, ანუ მათი იძულებით ჩამორთმევის პროცედურას იწყებს, - შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, მსხვერპლთა შორის გერმანული ნავთობმომპოვებელი კომპანია Wintershall-ი და ავსტრიული ნავთობმომპოვებელი გიგანტი OMV მოხვდნენ, რომლებიც რუსეთში რამდენიმე საბადოს ფლობენ, მათ შორის “გაზპრომთან” ერთად. კომპანიების წილების იძულებით გასხვისების სანაცვლოდ კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ, მაგრამ მის ოდენობას რუსეთის მთავრობა დაადგენს, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ კომპენსაციის მოცულობა მიზერული იქნება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვლადიმირ პუტინის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან ექსპროპროაციის გზა რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე, ჯერჯერობით, არ აურჩევია. კი, იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით არამეგობრულ ქვეყნებთან დაკავშირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველები ინიშნებოდნენ, რომელთა გავლით, აქტივების მიერ გენერირებულ მოგებას სახელმწიფო იღებდა, მაგრამ კომპანიების აქციების ჩამორთმევისგან, პუტინის ადმინისტრაცია მაინც თავს იკავებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ავსტრიული OMV ის კომპანიაა, რომელმაც შავ ზღვაში ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. OMV Petrom-ი, რომელიც OMV-ის შვილობილი კომპანიაა, წელს გეგმავდა, რომ ბურღვითი სამუშაოების დაწყებამდე სალიცენზიო არეალში სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამისი კვლევები ჩაეტარებინა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. არსებული გეგმით, OMV Petrom-ის სატესტო ჭაბურღილმა გაზის მოპოვება 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უკანასკნელი მონაცემებით, არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში რუსეთის ფედერაციამ 49 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორისაა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები