რუსეთში Red Wings-ის წინააღმდეგ ბოლო ორ დღეში სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა.
როგორც ekhokavkaza წერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდაპირველად საქმე სახიფათო სერვისების მიწოდების მუხლით აღძრა. გარდა ამისა, საქმე აღძრულია კიდევ ერთი მუხლით - მომსახურების არასათანადოდ შესრულების თაობაზე.
რამდენიმე დღის წინ, ავიაკომპანიის კუთვნილი სამი Boeing 777-დან ორი ტექნიკური გაუმართაობის გამო დროებით მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად რეისები არაერთი საათით გადაიდო, მაგალითად თურქეთის ქალაქ ანტალიიდან მგზავრები დაახლოებით ერთი დღით შეფერხდნენ. მოგვიანებით კი Red Wings-ის მგზავრების გადასაყვანად რამდენიმე ფრენა ავიაკომპანია Икар-მა განახორციელა.
პირველი სისხლის სამართლის საქმე სწორედ 12-14 აგვისტოს ფრენების შეფერხებას უკავშირდება. როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, „მგზავრებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ არაკომფორტულ პირობებში ყოფნა და გამგზავრების მოლოდინი“.
Red Wings-ის წინააღმდეგ მეორე საქმე კი 13 აგვისტოს ანტალიაში გაუმართავი თვითმფრინავის გაგზავნას უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, ანტალიიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში კონდიციონერი არ მუშაობდა, „შედეგად არსებობდა რეალური საფრთხე მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“. ავიაკომპანიას ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რუსული Red Wings-ი დაახლოებით ერთი თვეა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში რეისებს ახორციელებს. აღნიშნული მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთვის 2019 წელს დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმების შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ („რედ ვინგსი“ და „აზიმუტი“) და ერთ ქართულ ავიაკომპანიას (Georgian Airways) აქვს.