იანვარში საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ თვეს საქართველოდან 12.9 მილიონი დოლარის ღირებულების 4 243 466 ლიტრი ღვინო გავიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი ამ პერიოდში 28%-ით, გაყიდული საქონლის მოცულობა კი 34.5%-ით შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში იანვრის თვის მაჩვენებელს თუ შევხედავთ, პანდემიის შემდეგ ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი პირველად შემცირდა. 2021 წელს შემცირების შემდეგ ყურძნის ნატურალური ღვინის გაყიდვები დადებითი ტენდენციით ხასიათდებოდა.
იანვარში ღვინის ექსპორტი კლების განმაპირობებელ ფაქტორად კი რუსეთში შემცირებული გაყიდვები შეიძლება დავასახელოთ. 2025 წლის დასაწყისში საქართველოდან რუსეთში 6 მილიონ 982 ათასი დოლარის ღირებულების 2 561 377 ლიტრი ღვინოა გავიდა. რაც გასული წლის ექსპორტს 47.6%-ით ჩამორჩება. უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში რუსეთში ღვინის რეკორდული ექსპორტი დაფიქსირდა.
ამ მიმართულებით გაყიდვების კლების მიუხედავად რუსეთი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა იანვრის მონაცემებით, მისი წილი ღვინის ჯამურ გაყიდვებში 53.8%-მდეა შემცირებული. ღვინის ექსპორტი შემცირებულია პოლონეთშიც.
რაც შეეხება სხვა ძირითად ბაზრებს, იანვარში ღვინის ექსპორტი ჩინეთში, აშშ-ში, ყაზახეთში, გერმანიაში, ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ისრაელში გაიზარდა.
ღვინის საექსპორტო ბაზრების TOP-10-ეული ასეთია:
- რუსეთი - $6.9 მლნ, 2 561 377 ლიტრი;
- ჩინეთი - $1 მლნ, 388 027 ლიტრი;
- პოლონეთი - $799 ათასი; 311 733 ლიტრი;
- აშშ - $761 ათასი, 109 393 ლიტრი;
- ყაზახეთი - $745 ათასი, 171 873 ლიტრი;
- უკრაინა - $643 ათასი, 247 589 ლიტრი;
- გერმანია - $456 ათასი, 107 132 ლიტრი;
- ლატვია - $315 ათასი, 62 976 ლიტრი;
- აზერბაიჯანი - $185 ათასი, 21 487 ლიტრი;
- ისრაელი - $144 ათასი, 53 113 ლიტრი.
უნდა ითქვას, რომ იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი მცირედ - 7.6%-ით გაიზარდა, თუმცა გადაზიდული საქონლის მოცულობა 1.8%-ით შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ფასი მცირედით გაიზარდა. 2025 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდული 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ღირებულება 3.4 დოლარი იყო, გასული წლის ამავე პერიოდში კი 3.1 დოლარი. ევროკავშირს წევრი ქვეყნებიდან უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები კი პოლონეთი [$798 ათასი, 311 733 ლიტრი], გერმანია [$456 ათასი, 107 132 ლიტრი], ლატვია [$315 ათასი, 62 976 ლიტრი] და ლიეტუვა [$103 ათასი, 30 375 ლიტრი] იყვნენ.