2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ღვინის იმპორტი 6%-ით გაიზარდა. 10 თვეში ქვეყანამ 532 000 ტონა ღვინო იყიდა. რუსეთის ფედერალური საბაჟო შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს უფროსის, მაქსიმ ჩმორას განცხადებით, “10 მოწინავე ქვეყანას შორისაა საქართველო და აფხაზეთი”.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ყველაზე მეტი ღვინო იტალიიდან, საქართველოდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან იყიდა. საქართველოს შემთხვევაში ზრდა 17%-ია.
“ტოპ-10 ქვეყნის სიაშია აფხაზეთი, ჩილე, გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია”, - აღნიშნულია რუსულ მედიაში.
რაც შეეხება რუსული ღვინის ექსპორტს. მაქსიმ ჩმორას მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაორმაგდა და 2,8 ათას ტონას მიაღწია. მთავარ საექსპორტო მიმართულებებში პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია - აფხაზეთი, რომელიც ცალკე ქვეყნადაა დასახელებული.