რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი იმატებს. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 10.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს და 2-წლიან მაქსიმუმს წარმოადგენს.
დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალური ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობაც, რომ ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც წესით 10%-იანი ინფლაციის პირობებში, უჩვეულოდ მაღალია.
თუკი ფინანსთა სამინისტროს განმარტებას დავუჯერებთ, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია და ფინანსური რისკები მინიმუმამდეა შემცირებული.
როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყანაში ყველა იმ ტიპის საქონელი მკვეთრადაა გაძვირებული, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით დრამატული ზრდა კი ტექნიკის და ავტომობილების მიმართულებით ფიქსირდება.