რუსეთში Apple-ის უახლესი თაობის მობილურებზე მოთხოვნა 15%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მის წინამორბედ მოდელებზე, მიუხედავად იმისა, რომ iPhone 16-ის ფასი თითქმის 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთში - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ გადამყიდველებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დასავლური კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, მოსკოვმა ქვეყანაში "პარალელური" იმპორტი დაუშვა, რომელიც გადამყიდველებს საშუალებას აძლევთ, ქვეყანაში ბრენდები მწარმოებლის თანხმობის გარეშე შეიტანონ. ასეთ კომპანიებს შორისაა Apple-იც.
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელმა, ლუდმილა სემუშინამ Reuters-ს განუცხადა, რომ ახალი მოდელის "აიფონები" რუსეთში "მთელი მსოფლიოდან" ჩადის, თუმცა მას კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
ტექნიკის რითეილერმა M.Video-მ Reuters-თან განაცხადა, რომ რუსეთში iPhone 16-ის ფასები 112,999 რუბლიდან დაიწყება ($1,225), ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი კი 249,999 რუბლი ($2,710) ეღირება - შედარებისთვის, iPhone 16 Pro Max 1TB აშშ-ში $1,599 ჯდება.
გადამყიდველები ასევე აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ Apple-ის წარმომადგენლებთან ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონიათ - ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსეთში საკუთარი სერვისების, მათ შორის Apple Pay-ის მიწოდებაც შეაჩერა.