რუსეთში ხორბლის საბითუმო ფასების 22-24%-იანი შემცირების მიუხედავად, ხორბლის პურსა და ფუნთუშეულზე საცალო ფასები 2026 წლის დასაწყისიდან 5,2%-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსული დარგობრივი მედიასაშუალებები აქვეყნებენ და შექმნილ ვითარებას „პარადოქსულს“ უწოდებენ.
მათი ცნობით, რუსეთის სტატისტიკის სამსახურის 2026 წლის 10 აგვისტოს მონაცემებით, მოცემული კატეგორიის საქონელზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლის დასაწყისიდან 5,2%-ით გაიზარდა. ქვეყანაში ამ ცვლილებას „მარცვლეული–ფქვილი–პურის“ ჯაჭვში საფასო სიგნალის გადაცემის დაგვიანებით, ელექტროენერგიისა და ლოგისტიკის ტარიფების ზრდით, ასევე რითეილერების ინფლაციური მოლოდინებით ხსნიან.
„ფქვილის მწარმოებელი საწარმოები პირველ ნახევარწელში ნედლეულის მარაგებს შედარებით მაღალ ფასებში ავსებდნენ, რის გამოც ფასების მიმდინარე შემცირება პროდუქციის თვითღირებულებაზე მყისიერ გავლენას ვერ ახდენს. გარდა ამისა, ლოგისტიკისა და ენერგომატარებლების ღირებულება ინფლაციურ ტენდენციას აჩვენებს: მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვის ხარჯების ზრდამ 2025 წლის IV კვარტალში +36% შეადგინა, ხოლო მარცვლეულის ვაგონების იჯარის პროგნოზირებული გაძვირება 2026 წლის ბოლოსთვის +22%-ს აღწევს. გადამუშავებისა და რიტეილის მონაწილეები სარეალიზაციო ფასების სიხისტეს ავლენენ და მაკროეკონომიკური განუსაზღვრელობის პირობებში მარჟის შენარჩუნებას ცდილობენ“, - ნათქვამია სექტორული მედიაპლატფორმა Zol.ru-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პურპროდუქტებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მოხმარების არ შემცირებულა, რაც მოსახლეობის მხრიდან საბაზისო მოთხოვნის შენარჩუნებაზე მეტყველებს. „მოთხოვნის სტაგნაციამ და ხარჯების ზრდამ შესაძლოა ბაზრის კონსოლიდაცია და იმ მცირე და საშუალო გადამმუშავებლების გამოდევნა გამოიწვიოს, რომლებიც საკმარის ფინანსურ რეზერვებს არ ფლობენ. ეს კი მარეგულირებლის მხრიდან მონიტორინგს მოითხოვს, რათა შიდა ბაზარზე მიწოდების დეფიციტი თავიდან იქნეს აცილებული“, - აღნიშნულია Zol.tu-ს მასალაში.
ცნობისთვის, საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი გაუძვირდა. რუსეთი ამ საქონლის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.




























