მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა კატასტროფულად გაიზარდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“

62c1b59949058
თელარა გელანტია
04.07.22 10:45
1146
კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორის გიორგი სურგულაძის შეფასებით, covid-პანდემია ავტოინდუსტრიის ბაზარზე, გარკვეულწილად, დადებითადაც კი აისახა.

ამის შესახებ მან #კონცეპტის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

აღსანიშნია, რომ „კავკასიის ავტოიმპორტის“ ბრუნვამ შარშან ერთ მილიარდ ლარს მიაღწია და კომპანიის მიერ, ყოველთვიურად, საქართველოდან 5-6 ათასი მანქანის რეექსპორტი ხორციელდება.

„რაღაც პერიოდში პანდემია, შეიძლება, ჩვენს ბიზნესზე დადებითადაც კი აისახა. პანდემიას ავტოინდუსტრიის ბაზარი კარგად მოერგო. ვგულისხმობ იმას, რომ პანდემიის დროს მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა - ხალხმა ფული ვერ დახარჯა მოგზაურობაში და ა.შ. სხვა აქტივობაში და პრაქტიკულად, ავტომანქანების შეძენაზე გადაერთვნენ“, - განმარტა მან.
რაც შეეხება დარგში არსებულ გამოწვევებს, გიორგი სურგულაძემ მიწოდების ჯაჭვის კრიზისი გამოყო, როდესაც აშშ-ის პორტები, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, რამაც ბიზნესს სამუშაო პროცესი გაურთულა, თუმცა მისივე შეფასებით, ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

#კოცენპტის წამყვანის კიდევ ერთ კითხვაზე - რა გავლენა იქონია ავტოინდუსტრიის ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომმა, „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა თქვა, რუსეთში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე.

„მოგეხსენებათ, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი თითქმის ყველა ბრენდის მწარმოებელმა დატოვა. შესაბამისად, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა კატასტროფულად გაიზარდა. ჯერჯერობით, შიდა ბაზარზე რაც არის, ის ბრუნავს, მაგრამ გარედან მიწოდებაც ძალიან სჭირდებათ. ძალიან გააქტიურდა შუა აზიის ბაზარი, სომხეთის ბაზარი და ა.შ. ამ ტენდენციის გამო კი, ბუნებრივია, დრამატულად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს ბაზარზეც. საქართველო ამ ბიზნესისთვის ხომ ჰაბია. ესაა ინდუსტრია, რომელიც დიდ შემოსავლებს ტოვებს ქვეყანაში. ჩვენი დათვლებით, თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარამდე წლიურად რჩება საქართველოს ბაზარზე. ეს არა მარტო იმ ავტოდილერების ჯიბეში, არამედ მთელი ინდუსტრიაა ჩართული - გადაზიდვები, ავტომობილების შეკეთება-აღდგენა და ა.შ. ყველა ეს პროცესი აქ ხდება და შემდეგ გაჰყავთ ავტომობილები საქართველოდან ანუ დამატებითი ღირებულება აქ იქმნება. ეს თანხა ქეშად რჩება საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში ამ ბიზნესით დაკავებული, რადგან ამას არ სჭირდება ბევრი დრო და არც დიდი გამოცდილება“, - განმარტა გიორგი სურგულაძემ.

„კავკასიის ავტოიმპორტს“ 300-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანია შარშან აფრიკაში, ნიგერიის ბაზარზე შევიდა, წელს კი - გაერთიანებულ ემირატებში ვითარდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, რეგიონალური ოფისების გაძლიერებას გააგრძელებენ. „მომავალში სხვა ბაზრებზეც გვინდა გასვლა“, -დასძინა მან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები