რუსეთში მოსახლეობის მიერ ბანკებიდან ნაღდი ფულის გატანის ტენდენცია მარტის დასაწყისიდან იზრდება. ამის შესახებ EURONEWS-ი Banks.ru-ს ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. მოქალაქეების ანგარიშებიდან ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი, ანუ 3.5 მილიარდი დოლარი გადის. 7 თვეში კი, ჯამში რუსებმა ბანკებიდან 28.5 მილიარდი დოლარი გაიტანეს.
ყველაზე დიდი დანაკარგი Gazprombank-ს ჰქონდა - ოთხ თვეში ბანკიდან 299.5 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი გავიდა. ეს ბანკის დეპოზიტების 10.8%-ია.
Rosselkhozbank-მა 270.5 მილიარდი რუბლი, ანუ 3.2 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც დეპოზიტების 15%-ზე მეტია. რუსეთის უმსხვილესმა კერძო ბანკმა Alfa-Bank-მა კი 179.4 მილიარდი რუბლის, დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარის გადინება დააფიქსირა. დეპოზიტების მოცულობა კიდევ 81.7 მილიარდი რუბლით შემცირდა Sovcombank-ში, ხოლო VTB-ში - 20.4 მილიარდი რუბლით.
თავდაპირველად შედარებით სტაბილური იყო Sberbank, თუმცა ივნისსა და ივლისში მისმა მომხმარებლებმაც დაიწყეს თანხების ნაღდ ფულად გატანა. ივნისში ბანკიდან 211.6 მილიარდი რუბლი გავიდა, ივლისში კი - კიდევ 31.8 მილიარდი რუბლი.
გამონაკლისი იყო T-Bank, სადაც დეპოზიტების მოცულობა 193 მილიარდი რუბლით გაიზარდა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 643.4 მილიარდი რუბლით, ანუ 7.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი ყოველთვიური მატებაა. აგვისტოს პირველ ნახევარში კი მოქალაქეებმა ბანკებიდან დამატებით დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი გამოიტანეს.
რატომ გამოაქვთ რუსებს ფული ბანკებიდან?
ფულის გატანის უკან, ძირითადად, ორი შიში დგას: უკრაინის დრონებით შეტევებმა შესაძლოა რუსეთის ფინანსურ სისტემას პრობლემები შეუქმნას და, მეორე მხრივ, კრემლმა ომის მზარდი ხარჯების დასაფინანსებლად მოქალაქეების საბანკო დეპოზიტების გაყინვა ან ჩამორთმევა გადაწყვიტოს.
მეორე შიშს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს ეფუძნება. The Washington Post-ის ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის პროკურატურამ დაახლოებით 51.5 მილიარდი დოლარის კერძო აქტივები სახელმწიფოს კონტროლს გადასცა.
მაგალითად, ივნისში რუსეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 7.6 მილიარდი დოლარის აქტივები ჩამოართვა მილიარდერ ვადიმ მოშკოვიჩთან დაკავშირებულ კომპანიებს. მოშკოვიჩი სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგ Rusagro-ს დამფუძნებელია.
ამავდროულად, ვლადიმერ პუტინი ოლიგარქებისგან „ნებაყოფლობითი შემოწირულობების“ მიღებას აგრძელებს. რუსული ბიზნესგამოცემა Vedomosti-ს ცნობით, აგვისტოს შუა პერიოდისთვის ფედერალურ ბიუჯეტში ამ გზით უკვე ასობით მილიარდი რუბლი იყო გადარიცხული. რუსული ბანკები წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მითითებით თავდაცვის ინდუსტრიისთვის სახელმწიფო დაკვეთით სესხებს გასცემდნენ.
როგორც EURONEWS-ი წერს, მსხვილი კომპანიები ცდილობენ, თანხები რუსეთის რეგულატორების კონტროლს მიღმა გაიტანონ. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის საბანკო სისტემიდან 9.4 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა.
მსგავსი ვითარება რუსეთში ადრეც იყო. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ, მოსახლეობამ ბანკებიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტანა. მაშინ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დროებით 20%-მდე გაზარდა და კაპიტალის კონტროლი დააწესა ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით. მოგვიანებით შეზღუდვები გაუქმდა და ბანკებიდან თანხების გატანის ტალღაც შემცირდა.
თუმცა, მიმდინარე ტენდენცია უფრო ხანგრძლივი და მასშტაბურია.
ამ ფონზე რუსეთის ეკონომიკური ზრდაც მკვეთრად შენელდა. კრემლის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 1.2% იყო.




























