რუსეთში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე ირკვევა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 49% თვლის, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლა და დაწესებული სანქციები, არ აისახება მათ ცხოვრების ხარისხზე. გამოკითხვაში, 53 რეგიონის, 1500-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას კი, Forbes ავრცელებს.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 57% თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და იციან დაწესებული სანქციების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს, უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე დაუწესეს. გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა არ იცოდა შეზღუდვების შესახებ, ხოლო 28%, საერთოდ არაა საქმის კურსში.
გამოკითხულთა მეოთხედი (25%) ფიქრობს, საერთაშორისო კომპანიების რუსული ბაზრიდან გასვლა “ძალიან არ დააზარალებს“ მათ ცხოვრებას, ხოლო მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ მდგომარეობა “გაუარესდება”.
ამავდროულად, კვლევის მონაწილეთა 14%-მა აღნიშნა, რომ ერთხელ მაინც აქვთ უარი ნათქვამი, პოლიტიკური მიზეზების გამო, კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებული საქონლის შეძენაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც რესპონდენტთა უმრავლესობა (83%) სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შესყიდვებზე უარს არ ამბობს.
იმორტულ პროდუქტებს შორის, რომლებსაც რუსეთში ყველაზე ხშირად მოიხმარენ და რომელთა აკრძალვის შემთხვევაშიც გაუჭირდებათ ცხოვრება დასახელდა: ყავა (6%), ხილი (3%), გამაგრილებელი სასმელები (2%), ჩაი (2%) და საკონდიტრო ნაწარმი (2%).
ასევე, გამოკითხული რესპონდეტების აზრით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ქვეყანაში დეფიციტი იყოს: ხილის (25%), ჩაისა და ყავის (23%), ბოსტნეულის (11%), ალკოჰოლური სასმელების (10%) და თევზის (9%) მოწოდებაში.




























