მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ოლეგ ტინკოვის უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადებას ითხოვენ

649c06a60032e
გიორგი არონია
28.06.23 14:11
530

რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინი Tinkoff Bank-ის დამფუძნებლის და ერთ დროს რუსეთის ყველაზე წარმატებული ანტრეპრენიორის, ოლეგ ტინკოვის უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადებას ითხოვს, - შესაბამისი განცხადებით ჩინოვნიკმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბოროდინი ტინკოვს უკრაინაში მიმდინარე “სამხედრო ოპერაციის” და რუსეთის ჯარის მუდმივ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

“ტინკოვი რუსეთიდან გაიქცა, საკუთარი აქტივები და მათ შორის ბანკი გაყიდა და ევროპაში დარჩა - ეს არჩევანი მან თავად გააკეთა. დავაკვირდით რა მას, გადავწყვიტეთ პროკურატურისთვის მიგვემართა და იმედი გვაქვს, რომ მას უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადებენ”, - აღნიშნავს ვიტალი ბოროდინი, რომელიც განცხადებაში ტინკოვს “რუსული წარმოშობის კვიპროსელ ბიზნესმენად” მოიხსენიებს, რაც მეწარმის მიერ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის მოქალაქეობის დათმობას უკავშირდება.

ოლეგ ტინკოვი, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი 2021 წელს $4.7 მილიარდად აფასებდა, დღეს, მსხვილ აქტივებს ფაქტობრივად აღარ ფლობს და შესაბამისად, აღარც მილიარდერად ითვლება. უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მისი ჩამოქვეითება პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, რომლის მიმართაც, ოლეგ ტინკოვს ღიად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ოლეგ ტინკოვი პირველად 2022 წლის აპრილში გამოეხმაურა, რასაც, მოგვიანებით, Tinkoff Bank-ში მისი 35%-იანი წილის გასხვისება მოყვა - წილი რუსეთის რიგით მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმირ პოტანინმა შეიძინა. როგორც თავად ტინკოვი ამბობდა, რუსეთის წამყვანი ციფრული ბანკის წილის გაყიდვა მას “კაპიკებად” აიძულეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები