2024 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (წილი 37.2%), ევროკავშირი (10.7%), აზერბაიჯანი (10.4%), სომხეთი (9.5%), ყაზახეთი (4.3%), უკრაინა (4.0%) და ყირგიზეთი (3.7%) იყო.
"ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზის თანახმად, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, 1 მლრდ 380 მლნ აშშ დოლარია (2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტი).
გასულ წელს აგროსურსათის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა იყო: რუსეთში (ზრდა:138.9 მლნ აშშ დოლარი; 29%), სომხეთში (ზრდა: 29.4 მლნ აშშ დოლარი; 23%), ჩინეთში (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 73%), თურქმენეთში (ზრდა: 13.2 მლნ აშშ დოლარი; 6-ჯერ) და ისრაელში (ზრდა: 9.1 მლნ აშშ დოლარი; 2-ჯერ).
რაც შეეხება მიზეზებს:
- რუსეთში ექსპორტის ღირებულება შეადგენდა 624.3 მლნ აშშ დოლარს, ზრდა კი ძირითადად გამოწვეულია სპირტიანი სასმელების (ზრდა: $87.3 მლნ; 2.3-ჯერ), გადამუშავებული ხილის (თხილი და ფისტა) (ზრდა: $20 მლნ; 4.2-ჯერ), მინერალური და მტკნარი წყლებისა (ზრდა: $15.1 მლნ; 24%) და ღვინის (ზრდა: $14.4 მლნ; 9%) ექსპორტით.
- სომხეთში ექსპორტირებულია 159.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურათო პროდუქცია, ზრდა გამოწვეულია სპირტიანი სასმელების ექსპორტით რომლის ღირებულება 24.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- ჩინეთში ექსპორტირებულია 41.7 მლნ აშშ დოლარს ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, აქედან 28.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი, რომლის ღირებულება წინა წელთან შედარებით 18.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
- თურქმენეთში ექსპორტი შეადგენს 15.8 მლნ აშშ დოლარს, აქედან, 11.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფრინველის ხორცია, რომლის ექსპორტი წინა წელს არ განხორციელებულა (წარმოადგენს რეექსპორტს).
- ისრაელში ექსპორტის ღირებულება შეადგენს 18 მლნ აშშ დოლარს. ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის (ზრდა: $4 მლნ; წინა წელს არ განხორციელებულა), ხილისა და ბოსტნეულის წვენების (ზრდა: $2.9 მლნ; 3.7- ჯერ) და ყავის ექსტრაქტების (ზრდა: $2 მლნ; 3.7-ჯერ) ექსპორტით.
საპირისპიროდ, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირებულია ერაყში, სადაც ექსპორტის ღირებულება 21.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 45.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ერაყში ძირითადი საექსპორტო პროდუქტია ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, რომლის ღირებულებამ 43.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.3 მლნ აშშ დოლარით (27%-ით) ჩამორჩება.




























