რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირებული მაჩვენებლების სხვა ბაზრებით ჩანაცვლება საკმაოდ რთულია - ამის შესახებ კომპანია „ასკანელში“ აცხადებენ.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ირაკლი უგლავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, გასულ წელს რუსეთში გაზრდილმა აქციზმა ამ ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვები და შესაბამისად, ექსპორტი შეამცირა. მისი თქმით, „ასკანელის“ შემთხვევაში, ჯამურად ექსპორტში წელს 15-17%-იანი კლება დაფიქსირდა.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, მათ შემთხვევაში ღვინის ექსპორტი გაიზარდა მაგალითად, ჩინეთში, თუმცა ჯერჯერობით რუსეთის ბაზრის დაკომპენსირება ვერ ხერხდება.
„ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ღვინის ექსპორტში 16%-იანი კლებაა. ეს რიცხვები თანხვედრაშია იმასთან, რომ რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვები დაახლოებით 17%-ით შემცირდა, ეს 6 თვის სტატისტიკაა. რუსეთში გასული წლის აპრილში გაიზარდა აქციზის ფასი და ჩვენმა პარტნიორებმა მთელი წლის მარაგები პრაქტიკულად წინასწარ შეიქმნეს და ეტაპობრივად ზრდიდნენ დახლზე ღვინის ფასს.
ამის ჩანაცვლება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ქართული ღვინისთვის რუსეთი ყველაზე დიდი ბაზარია და პირდაპირ რომ გითხრათ, ჩანაცვლება გვიჭირს. ვცდილობთ, რა თქმა უნდა, სხვა ბაზრებზე აქტიურობით. ჩინეთში არის ზრდა წელს საკმაოდ დიდი, მაგრამ რუსეთის ბაზართან მიმართებაში ჩინური ბაზრით დღეისთვის ამ მოცულობით ჩანაცვლება ვერ ხერხდება. შესაბამისად, ჯამურად ღვინის გაყიდვებში საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება გვაქვს. პრაქტიკულად პროპორციული რუსული ბაზრის, სადღაც 15-17%-იანი კლებაა.
ჩვენი ძირითადი კონკურენტი რუსეთშიც იტალიური და ესპანური ღვინოები იყვნენ, რომელზედაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა გადასახადი და რუსული ბაზრიდან პრაქტიკულად ნელ-ნელა გასვლა მოუწიათ, ძალიან გაძვირდა, შეუმცირდათ გაყიდვები და კონკურენცია გაზარდეს სხვა ბაზრებზე, პრაქტიკულად ევროპულ ბაზრებზე, თუ ამერიკულ ბაზრებზე. მათთან კონკურენცია ძალიან ძნელია და რთულია ქართული ღვინისთვის, ასე რომ რუსეთში ღვინის გაყიდვებში კლება გვაქვს და ეს უკვე ტენდენციაა“, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, წელს 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 165.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად თითქმის 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი კი იანვარ-აგვისტოში წლიურად 24%-ით, 103 მლნ დოლარამდეა შემცირებული.



























