მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა - რა საკითხები განიხილეს?

649180027d998
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.23 14:30
1045
რუსეთის სავაჭრო სამრეწველო პალატაში რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყნებს შორის ლოგისტიკის, დაზღვევის და ტვირთების ტრანზიტის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, სხდომა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ პოდალკომ გახსნა და საქართველოს საზღვარზე განახლებული და სრულყოფილი „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას აადვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო გახდა არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და რუსეთის საინვესტიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობის შესახებ. სხდომაზე ასევე რუსეთში ტვირთების გადაზიდვის კუთხით სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მძღოლების დაშვების საკითხი განიხილეს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილში სპეციალური წარმომადგენელი არ ჰყავს.

„ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის სპეციალური წარმომადგენელი და ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, - ამბობს კობახიძე.