მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში საწვავის კრიზისია - მოსკოვსა და პეტერბურგში ბენზინგასამართ სადგურებზე შეზღუდვები დაწესდა

lukoil

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მოქმედმა მსხვილმა ავტოგასამართმა სადგურებმა საწვავის რეალიზაციაზე ლიმიტები დააწესეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები 20-დან 100 ლიტრამდე მერყეობს. Tatneft-ის ქსელში 92 და 95 მარკის ბენზინზე 20-ლიტრიანი, ხოლო დიზელზე 40-ლიტრიანი ლიმიტი მოქმედებს. Rosneft-ის სადგურებზე ავზსა ან კანისტრაზე მაქსიმუმ 90 ლიტრის შევსებაა შესაძლებელი, Lukoil-ი კი ერთ ჩეკზე ბენზინისა თუ დიზელის 100 ლიტრზე მეტი მოცულობით გაცემას კრძალავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალოგიური დროებითი ლიმიტები ზოგიერთ რეგიონალურ ავტოგასამართ სადგურზეც ამოქმედდა. მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელოვნური აჟიოტაჟის თავიდან აცილებასა და სტაბილური ვითარების უზრუნველყოფას მიზნად ისახავს. პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის ენერგეტიკის კომიტეტი აცხადებს, რომ რეგიონში საწვავის რესურსების დეფიციტის წინაპირობა არ არსებობს და შეზღუდვები უბრალოდ პრევენციული ხასიათისაა.

რაც შეეხება კრიზისის მასშტაბებს, რუსეთში ბენზინის დეფიციტმა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთამდე უკვე მიაღწია. კერძოდ, ხაბაროვსკის მხარის მაცხოვრებლები ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების შეფერხებაზე აქტიურად ჩივიან. თავად საწვავის დეფიციტი თავდაპირველად ყუბანის რეგიონში წარმოიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრომ მომარაგების პრობლემების არსებობა ოფიციალურად აღიარა.

კრიზისის გამომწვევი მიზეზი ორგვარია - უკრაინის თავდასხმები და საერთაშორისო სანქციები. მუდმივი იერიშებისა და საიმპორტო შეზღუდვების ფონზე, რუსეთი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ვერ ახერხებს და ვერც ამჟამად მოქმედ ქარხნებსა და ტერმინალებს იცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები