რუსეთში ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და საცალო ქსელი Gloria Jeans 2026 წელს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 150 მაღაზიას დახურავს - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა RBC წერს.
წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება შეეხება ყველაზე ნაკლებად მოგებიან მაღაზიებს. სავარაუდოდ, Gloria Jeans იჯარებს სავაჭრო ცენტრების მფლობელებთან ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის პარალელურად შეწყვეტს და კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდას თავიდან აირიდებს.
RBC-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გასულ წელს Gloria Jeans-მა თავისი პორტფელი გააანალიზა და გადაწყვიტა, ყველაზე ნაკლებად მოგებიანი მაღაზიების მუშაობა შეეწყვიტა. კომპანია თავისი ობიექტების რაოდენობის ოპტიმიზაციას უკვე ბოლო რამდენიმე წელია ახდენს. მაგალითად, საბუღალტრო ანგარიშგების მიხედვით, 2023 წელს Gloria Jeans-ს 683 მოქმედი საცალო მაღაზია ჰქონდა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის - 574. გასულ წელს გამოცემა Shopper’s იუწყებოდა, რომ არასრულ ორ წელიწადში კომპანიამ 102-მდე მაღაზია დახურა.
Gloria Jeans აწარმოებს და ყიდის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის. გასულ წელს კომპანიის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 15.4%-ით დაეცა და 24.4 მილიარდი რუბლი (303.1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 70.2 მილიონ რუბლს (872,000 აშშ დოლარი) მიაღწია.




























