რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტის შეძენისას 30%-იანი საკომისიო შემოიღო. მარეგულირებლის თქმით, 30%-იანი საკომისიოს მოცულობის დაწესებით, ცენტრალური ბანკი ათანაბრებს საკომისიოს მოცულობას ბროკერებსა და ბანკებს შორის. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შესახებ რუსული TASS-ი წერს.
“30%-იანი საკომისიო, რომელიც ბროკერებმა უნდა აიღონ ფიზიკური პირებისგან, საფონდო ბირჟაზე ვალუტის ყიდვისას, უბრალოდ, ათანაბრებს ბანკებსა და ბროკერებს შორის საკონკურენციო პირობებს, რადგან ბანკებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ სპრედი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის", - განაცხადა ცენტრალურმა ბანკმა.
Bloomberg-ის სისტემაში ამჟამად, ერთი დოლარის ღირებულება 98 რუბლს შეადგენს.
გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ეკონომიკური სანქციები მიიღო. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სანქციის თანახმად, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/შეტანა სრულად აიკრძალა.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროს მიწოდების აკრძალვა ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე კომერციულ ბანკებზე, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკზეც.
აკრძალვა ძალაში 12 მარტიდან შევა და შედეგად, რუსეთის ეკონომიკაში ევროს ახალი ბანკნოტები აღარ მოხვდება.
ამავე სანქციების მიხედვით, რუსეთის მსხვილი ბანკები SWIFT-იდან გაითიშება, ესენია:
1. Bank Otkritie;
2. Novikombank;
3. Promsvyazbank;
4. Rossiya Bank;
5. Sovcombank;
6. VNESHECONOMBANK (VEB);
7. VTB BANK.
კაპიტალის კონტროლის ზომები შემოიღო თავად რუსეთის მთავრობამაც, რომელმაც მოქალაქეებს რუსეთიდან უცხოეთში ვალუტის გატანა შეუზღუდა. რუსეთიდან $10,000 დოლარზე დიდი მოცულობის თანხის გატანა აიკრძალა.




























