რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით საქართველო ჯერაც მოწინავე ადგილს ინარჩუნებს, - ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ლიეტუვიდან, საქართველოდან და ლატვიიდან რუსეთის ფედერაციაში, ჯამურად, $317.5 მილიონის ღვინო შევიდა. ამ უკანასკნელმა - ლატვიამ, სხვათა შორის, აღნიშნულ სიაში იტალიას გადაუსწრო, რომელმაც შარშანდელთან შედარებით რუსეთში ღვინის ექსპორტი 4%-ით შეამცირა.
2023 წლის პირველ რვა თვეში, რუსეთის ფედერაციაში, ჯამში, $485 მილიონის ღვინო შევიდა, რომლის მეოთხედი ერთ ქვეყანაზე - ლიეტუვაზე მოდის, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა ვენახების დიდი ფართობით ან ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. შარშანდელთან შედარებით, ლიეტუვიდან იმპორტი 20.6%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ უკავშირდება სანქციებს და ლიეტუვის ერთგვარ საალკოჰოლო ჰაბად გადაქცევას.
მნიშვნელოვანი, კერძოდ კი 19.4%-იანი ზრდა ფიქსირდება რუსეთში ქართული ღვინის იმპორტთან დაკავშირებით, რომელმაც 2023 წლის დასაწყისიდან $112.1 მილიონი შეადგინა, ხოლო 18.5%-ითაა მომატებული ლატვიიდან ღვინის იმპორტი, რომელმაც ამ პერიოდში $79.5 მილიონი შეადგინა. აღნიშნული ქვეყნების შემდეგ, ღვინის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში ასევე ვხვდებით იტალიას ($72.7 მილიონი), ესპანეთს ($20.8 მილიონი), პოლონეთს ($18.3 მილიონი), გერმანიას ($11.3 მილიონი), ჩილეს (10.4 მილიონი), პორტუგალიას ($7.7 მილიონი) და სომხეთს ($6.3 მილიონი).
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები სრულ თანხვედრაში ხვდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებთან. 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე $169.3 მილიონის ღვინო გავიდა, რომლის სრული უმეტესობა, ანუ 66.2% სწორედ რუსულ ბაზარზე გაიყიდა.