მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ფრენების აღდგენამ სარგებელი მოგვიტანა თუ რეპუტაციული ზიანი? - მოლოდინაშვილის პასუხი

ავიაცია

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო-პალატაში საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელის და საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორის გიორგი მოლოდინაშვილის აზრით, ღირდა თუ არა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, ამ კითხვას პასუხი მგზავრების რაოდენობამ უნდა გასცეს. გიორგი მოლოდინაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საკითხის ზოგადი პოლიტიკური შეფასებისგან თავი შეიკავა.

- თქვენი აზრით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მოგვიტანა თუ რეპუტაციული ზიანი? გვახსოვს, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადეს და შეშფოთდნენ...

- საკითხის პოლიტიკურ შეფასებას პოლიტიკოსებს მივანდობ და ამ თემას უშუალოდ საავიაციო პრიზმიდან შევხედავ; თუ ჩვენ პანდემიამდელ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ვიდრე რუსეთი ავიაემბარგოს დააწესებდა (2019 წლის ივნისი), რუსეთიდან, დაახლოებით, 5-6 უმსხვილესი ავიაკომპანია დაფრინავდა - „აეროფლოტი“, „ურალის ავიახაზები“, „პობედა“ S7 და ა.შ. დღეს კი, მხოლოდ ორი რუსული ავიაკომპანია - „აზიმუტი“ და „რედ ვინგსი“ ასრულებს ფრენებს. რა თქმა უნდა, პანდემიამდელ შედეგს ვერ მივიღებთ და არც უნდა ველოდოთ; იმ ავიაკომპანიებსა და ამ ორს შორის რადიკალური განსხვავებაა, ამიტომ ის მოლოდინი, რომ იგივე ეფექტს დავიბრუნებთ, რაც 2019 წელს გვქონდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

- მიუხედავად იმისა, რომ ფრენების სიხშირე საკმაოდ მაღალია?

- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია ფრენები, სხვა ბევრი ფაქტორია, რის გამოც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია; 2019 წლამდე ტრანზიტული მგზავრების დიდი ნაკადიც გვყავდა...

- საერთოდ ღირდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა?

- ღირდა თუ არ ღირდა - ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა დავითვალოთ, რა შედეგსაც ველოდით, იმ რაოდენობის მგზავრთნაკადი მივიღეთ თუ - არა; თუ არ მივიღეთ, დასკვნა იქნება, რომ არ ღირდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს მთავრობას რაიმე სახის პროგნოზი გაკეთებული ჰქონდა, როდესაც რუსეთის მხრიდან ავიაემბარგოს მოხსნის შემდეგ პირდაპირ ავიამიმოსვლას დათანხმდა?

- მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. ჩვენ უნდა დავითვალოთ რა ეფექტი მივიღეთ ამ ფრენების აღდგენის შემდეგ.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ, შსს-ს მონაცემებს ეყრდნობა, 2023 წლის ცხრა თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 149 053 ვიზიტორის ვიზიტი შედგა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 205 974.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები